საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა
2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები არღვევდა კონსტიტუციის მე-14 მუხლს (თანასწორობის უფლება) და რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა.
ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა წარმოადგენდენ.
რელიგიური გაერთიანებების სარჩელი უთანასწორო საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებით
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი). სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს საპატრიარქოს და მას უქმნიდა მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას.
რვა რელიგიურმა გაერთიანებამ[1] კონსტიტუციური სარჩელით (#671) სასამართლოს 2015 წლის ოქტომბერში მიმართა.
რელიგიური გაერთიანებების სარჩელი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის უთანასწორო ნორმებთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ითალისწონებს (6(3) მუხლის პირველი პუნქტი).
ხუთმა რელიგიურმა გაერთიანებამ[2] სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (#811) 2016 წლის 21 ივლისს მიმართა.
საქართველოს პარლამენტის განმარტებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობის ხელშეწყობა, კერძოდ, სახელმწიფოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება.
სასამართლომ აღნიშნა: “ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას.
ორივე სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე ერთნაირად გავრცელებით. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები 2018 წლის 31 დეკემბრიდან გამოცხადდება ძალადაკარგულად.
რელიგიური გაერთიანებები მრავალი წელია ითხოვენ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრასა და დისკრიმინაციული გარემოს შეცვლას, რაც სისტემატურად აისახებოდა საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში. საკონსტიტიტუციო სასამართლოს ორივე გადაწყვეტილება რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დასაცავად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI) და თავისუფალი უნივერსიტეტი (Freeuni) გეგმავს დაიცვას რელიგიური გაერთიანებების ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში, სხვა საკანონმდებლო ნორმებთან დაკავშრებითაც, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს შორის უთანასწორო მდგომარეობას ქმნის.
[1] ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია; საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი; საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია; მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი; საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია; წმიდა სამების ეკლესია; ქრისტეს ეკლესია.
[2] საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია