სიახლეები
TDI
მაისი/1525

TDI-მ რელიგიური ტოლერანტობის კულტურის სწავლების ამაღლების მიზნით, მწვრთნელებისთვის ტრეინინგი ჩაატარა

TDI-ის პროექტის "ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, 21-23 მაისს თბილისში ჩატარდა ToT ტრეინინგი ”რელიგიური ტოლერანტობის ხელშეწყობა სკოლაში".
ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამოქალაქო განმანათლებელთა ასოციაციის მწვრთნელთა 14-მა წარმომადგენელმა.
ტრეინინგის მიზანია მოქალაქეობის სწავლების მწვრთნელთა ჯგუფის გაძლიერება და კომპეტენციების ამაღლება რელიგიური ტოლერანტობის კულტურის სწავლების მიმართულებით.
ტრეინინგის შედეგად მონაწილეებს შეუძლიათ:
1. რელიგიური ტოლერანტობის კონცეპტუალური გააზრება; 
2. მსოფლიოში და საქართველოში რელიგიის როლის გაცნობიერება როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრების, ასევე შეუწყნარელობის გაღვივების მიმართულებით; 
3. ნეგატიური სტერეოტიპების, ქსენოფოობის, დისკრიმინაციის, რელიგიის თავისუფლებისა და სიძულვილის ენის პრობლემატიკაზე ადეკვატური მსჯელობა; 
4. საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ტრადიციის მნიშვნელობის შესახებ ზუსტი წარმოდგენების დემონსტრირება; 
5. შესაბამისი თეორიული მასალებისა და სხვადასხვა აქტიური სავარჯიშოს გამოყენებით, სასკოლო გარემოში თანასწორუფლებიანობის, განსხვავებული რელიგიური იდენტობის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჰარმონიული ურთიერთქმედების შესახებ ცოდნა გაავრცელონ სკოლის პედაგოგებში.


პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით.