ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1608

TDI მოხეს კომისიის გადაწყვეტილების შესახებ

2016 წლის 1 დეკემბერს,  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  (შემდგომში “სააგენტო”) მიერ შექმნილმა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელმა კომისიამ” (შემდგომში “კომისია”)  დაადგინა, რომ მეჩეთი, რომლის დაბრუნებას მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან უკვე წლებია ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს და არ უნდა გადაეცეს არცერთ რელიგიურ გაერთიანებას.

ამავდროულად, ნაგებობას, რომლის დემონტაჟიც სახელმწიფომ ორი წლის წინ სცადა, კომისიის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს და გადაეცეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც კომისიას შენობის მოვლა-პატრონობის პროექტი უნდა წარუდგინოს.  

კომისიამ  ადგილობრივ მუსლიმებს სოფლის ცენტრში ახალი მეჩეთისათვის მიწის გამოყოფაც შესთვაზა. თუმცა, მშენებლობის დაწყების დრო და კონკრეტული ადგილი არ განუსაზღვრავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოც 2 დეკემბრის ოფიციალურ განცხადებაში[1] უთითებს, რომ მუსლიმი თემისთვის შეთავაზებული იქნება რამდენიმე ადგილი ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის, რითაც მოიხსნება ლოცვის შეზღუდვის პრობლემა.

კომისია, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ხელმძღვანელობს, თავისი გადაწყვეტილებით ადასტურებს, რომ არც სააგენტო და არც კომისია არ ითვალისწინებენ მუსლიმი თემის წინაშე არსებულ პრობლემებს და მათი კანონიერი მოთხოვნების საპირისპიროდ, უგულებელყოფენ იმ გარემოებას, რომ საკულტო ნაგებობის ისტორიული მემკვიდრისთვის დაბრუნება აუცილებელია არა მხოლოდ სალოცავი სივრცის ტექნიკური არსებობისათვის, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

2014 წელს შექმნილი კომისიისადმი მუსლიმები თავიდანვე უნდობლობას გამოხატავდნენ - მათი ვარაუდით, კომისია საკითხის გაჭიანურების მიზნით შეიქმნა და არ აპირებდა პრობლემის რეალურ მოგვარებას, რაც საბოლოოდ კომისიის გადაწყვეტილებაში აისახა. შექმნიდან ორი წლის შემდეგ, კომისიამ ყოველგვარი სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ჩატარებისა და შენობის კონფესიური წარმომავლობის შესწავლის გარეშე,  მუსლიმ თემს უარი განუცხადა ნაგებობის დაბრუნებაზე.

ამჟამად, მოხეში მუსლიმებს სალოცავი ნაგებობა არ აქვთ. 2016 წლის ოქტომბრიდან ისინი ლოცვას ღია ცის ქვეშ აღავლენენ და აღნიშნავენ რომ ეს, ამავდროულად, არის მათი პროტესტი, თვითგამოხატვის ფორმა და მშვიდობიანი ბრძოლა არა მხოლოდ სალოცავი სივრცისთვის, არამედ თანასწორუფლებიანობისა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

როგორც კომისიის და მისი წევრების ოფიციალური განცხადებებიდან ირკვევა, “სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმათველოს” ოთხი წევრი, რომლებიც  კომისიის შემადგენლობაში შედიან, იზიარებენ ახალი შეთავაზების შინაარსს და საწინააღმდეგო აზრს არ გამოთქვამენ გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, TDI-სთან საუბარში მუსლიმები აღნიშნავენ, რომ მუსლიმთა სამმართველო არ გამოხატავს და არ იცავს საქართველო მუსლიმი მოქალაქეების ლეგიტიმურ ინტერესებს.  

აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ აქვს სავალდებულო ძალა, რადგან კომისია არ არის ადმინისტრაციული ორგანო და ის რაიმე სახის საჯარო უფლებამოსილებას არ ახორციელებს. ამასთან, როგორც კომისია, ასევე თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არაკომპეტენტური ორგანოა, როგორც სახელმწიფო ქონების განკარგვის, ასევე რაიმე სახის ქონების ნებისმიერი პირისთვის გადაცემის სფეროში.  

რაც შეეხება ნაგებობისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თვითნებური და დაუსაბუთებელი ნაბიჯი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს მხრიდან ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ზოგად პოლიტიკასა და მის პრინციპებს.

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა. კანონის თანახმად, ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის, ხდება უძრავი ან მოძრავი ობიექტის  გამოვლენა,  სპეციალური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგად ობიექტის შესახებ მონაცემების დამუშავება, მისი კულტურული ან/და ისტორიული ღირებულების შეფასება და  შესაბამისი დასკვნის მომზადება ობიექტის კულტურული ღირებულების თაობაზე. სწორედ ამგვარი დასკვნის საფუძველზე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ობიექტს ანიჭებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, კომისიამ, რომელსაც მოხეში მდებარე ნაგებობის კულტურული ღირებულების შესაფასებლად არ ჩაუტარებია არანაირი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო, და ამისთვის აუცილებელი კომპეტენციაც არ გააჩნია, რის საფუძველზე განსაზღვრა  მისთვის კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭების საკითხი.

მოხეს ნაგებობის საკითხი სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელიც რელიგიური უმცირესობებისთვის ქონების დაბრუნებას უკავშირდება და რელიგიური გაერთიანებების ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ რელიგიური ორგანიზაციებისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ განხორციელდა,  რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის ნაწილია.

დღევანდელი  საკანონმდებლო ბაზის პირობებში, რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნება მთლიანად ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართავთ:

საქართველოს მთავრობას:

ადეკვატურად და სამართლიანად შეაფასოს მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევები, რელიგიის თავისუფლების უფლებათა შეზღუდვის ფაქტები და დაიცვას რელიგიური ნეიტრალობა;

დროულად, ეფექტურად და სამართლიანად უზრუნველყოს რელიგიური გაერთიანებებისთვის, საბჭოთა პერიოდში, არამართლზომიერად ჩამორთმეული ქონების დაბრუნება.

საქართველოს პარლამენტს:

დაიწყოს ინტენსიური მუშაობა რელიგიური გაერთიანებებისთვის არამართლზომიერად ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეთათვის დაბრუნების შესახებ ერთიანი სტანდარტის შესამუშავებლად.

ადიგენის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას:

დაიცვას რელიგიური ნეიტრალობის პრინციპი და უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობა.

გარდა ამისა, ბოლო წლებში მუსლიმთა უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებზე, მივმართავთ,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

იმოქმედოს კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად, დისკრიმინაციული მოპყრობის გარეშე;

შემდგომი სამართალდარღვევების აღკვეთის მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები და დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპები.

საქართველოს მთავარ პროკურატურას:

ეფექტურად გამოიძიოს სამთაწყაროში, ჭელასა და  მოხეში შსს-ის წარმომადგენლების მიერ მუსლიმებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

 

 

მოხეს ნაგებობის საკითხზე  TDI-ის განცხადებები:

TDI სოფელ მოხეში მუსლიმთა უფლებების შეზღუდვის მორიგი ფაქტის შესახებ - http://tdi.ge/ge/statement/tdi-sopel-moxeshi-muslimta-uplebebis-shezgudvis-morigi-paktis-shesaxeb

სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების ანალიზი - http://www.tdi.ge/ge/news/126-sopel-moxeshi-ganvitarebuli-movlenebis-analizi

 

[1] http://religion.geo.gov.ge/geo/news/1-dekembris-moxes-komisia