სიახლეები
TDI
სექ/1713

რელიგიური გაერთიანებების შეხვედრა პოლიტიკურ პარტია ევროპულ საქართველოსთან

13 სექტემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებითა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ჩატარდა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების შეხვედრა პოლიტიკურ პარტია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლების მიერ წარდგენილ თბილისის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი ტუღუშსა და პრესსპიკერ ირაკლი კიკნაველიძესთან.

შეხვედრაზე განხილული იყო რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის კონტექსტში. კერძოდ, დისკუსიისას რელიგიურმა გაერთიანებებმა და პარტიის წევრებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: რელიგიური ღირებულების მქონე საკულტო ნაგებობებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიერ საკულტო ნაგებობების მშენებლობისას თვითმმართველობების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები; რელიგიური ორგანიზაციების მუნიციპალური დაფინანსების გაუმჭვირვალე, არაობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული პოლიტიკა და პრაქტიკა; საჯარო სივრცეში რელიგიური უმცირესობების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვა, საჯარო პირების, საჯარო მოხელეებისა და/ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისა და ქსენოფობიური რიტორიკის პრობლემა,  ულტრანაციონალისტური, შოვინისტური და ექსტრემისტული დაჯგუფებების გაძლიერება და უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი მოწოდებები.

13 სექტემბერს ასევე გაიმართა შეხვედრა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილთან.

ამავე ფორმატში, სექტემბერში რელიგიური გაერთიანებები შეხვდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებსა და მერობის კანდიდატებს.

შეხვედრათა ციკლი ტარდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობების გაძლიერებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.