ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1721

რას ამბობენ თბილისის მერობის კანდიდატები და პარტიები რელიგიის თავისუფლებაზე

2017 წლის 13 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის შემდეგ კანდიდატებთან და პოლიტიკურ პარტიებთან: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო (შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარტიის წარმომადგენელი მაია ბითაძე), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, პარტიის ლიდერები - ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, სამირა ისმაილოვა და კონსტანტინე იოსელიანი), საქართველოს რესპუბლიკური პარტია (შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია და პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე), ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის (შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, პარტიის ლიდერი გიორგი ტუღუში და პრესსპიკერი ირაკლი კიკნაველიძე) და თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი.

შეხვედრების მიზანი იყო რელიგიურ გაერთიანებებს პარტიებისთვის/მერობის კანდიდატებისთვის გაეცნოთ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა; პოლიტიკურ პარტიებსა და თბილისის მერობის კანდიდატებს კი წარმოედგინათ საკუთარი ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე.

რელიგიური გაერთიანებები პარტიებს ცალ-ცალკე შეხვდნენ.

შეხვედრები გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, რელიგიური უმცირესობების გაძლიერებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.

შეხვედრებზე განხილული იყო რელიგიის თავისუფლებასა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება.

გთავაზობთ თბილისის მერობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მოსაზრებებს შეხვედრებზე დასმულ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით:

 

  • საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების სისტემა რელიგიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური ურთიერთგამიჯვნის პრინციპის დარღვევად შეიძლება შეფასდეს. ცენტრალური ხელისუფლების გარდა, საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად ადგილობრივი თვითმმართველობებიც აფინანსებენ. თანხის ხარჯვა და მიზნობრიობა არ არის გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული.   თქვენი აზრით უნდა შეიცვალოს თუ არა რელიგიური ორგანიზაციების მუნიციპალური დაფინანსების წესი და როგორ?

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი: ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭირვალე პრაქტიკა - ბიუჯეტიდან დახარჯული ნებისმიერი თანხის მიზნობრიობა ცნობილი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შეიძლება არსებობდეს რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების დაკმაყოფილების ალტერნატიული მოდელი, მაგალითად, თანხის პირდაპირი გადაცემის მაგივრად, მერიამ/მუნიციპალიტეტმა შეასრულოს ის სამუშაო, რაც რელიგიურ ორგანიზაციას სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სჭირდება (ბუნებრივი აირის გაყვანა,  რესტავრაცია და ა.შ.).

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის: მერობის კანდიდატისა და პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, პარტია კრიტიკულად აფასებს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების არსებულ სისტემას და საჭიროდ მიიჩნევს მის შეცვლას. ელენე ხოშტარიას თქმით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების ნაცვლად,  უმჯობესია, სახელმწიფომ შეაფასოს ის ზიანი, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს მიადგათ საბჭოთა ოკუპაციის დროს და დაიწყოს ამ ზიანის ანაზღაურება. პარტია გაუმართლებლად მიიჩნევს მუნიციპალიტეტის მიერ უსაფუძვლოდ და ბუნდოვანი მიზნობიობით საქართველოს საპატრიარქოსთვის თანხების გადაცემას. ელენე ხოშტარიას თქმით, ყველა სუბიექტთან ურთიერთობისას გამჭირვალობის, მიზნობრიობის, სამართლიანობისა და გონიერების პრინციპი უნდა იყოს დაცული.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით პარტიისთვის პრიორიტეტულია  ფინანსური გამჭირვალობის საკითხი, ასევე თანხის ხარჯვის მიზნობრიობის განსაზღვრა. თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილის თქმით, შეიძლება შეიქმნას მერიის სამსახურთან არსებული საბჭო ან ორგანო, რომელიც რეგულარულად განიხილავს რელიგიური გაერთიანებების პრობლემებს, მათ შორის დაფინანსების საკითხსაც. უდუმაშვილის თქმით, პარტიას ჯერ ზუსტად არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, მუნიციპალური დაფინანსება სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც უნდა გაეზარდოს თუ საერთოდ უნდა შეწყდეს. ამ საკითხზე მსჯელობა არის საჭირო, რელიგიური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია: პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო სუბსიდირებას. დაფინანსების შეწყვეტა მათი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ოფიციალურად, სახელმწიფო საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსებას ამართლებს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების არგუმენტით. პარტიის ლიდერების თქმით, კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში რამდენჯერმე შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც უნდა დაეთვალა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი და ანაზღაურება ამის მიხედვით უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად ამისა, კომისიას არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. უცნობია, რატომ გადაეცემა მართლმადიდებელ ეკლესიას ამდენი ფინანსური სახსრები და ქონება. პარტიის ლიდერების თქმით, საჭიროა შეიქმნას მრავალმხრივი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ობიექტურად და კომპეტენტურად დადგინდება მიყენებული ზიანის ოდენობა და შემუშავდება კომპენსაციის კრიტერიუმები.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: თბილისის მერობის კანდიდატისა და პარტიის ლიდერების თქმით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია. მათი განცხადებით,  ამ მიმართულებით “პროგრესი და წინსვლა სახეზეა”, თუმცა უთანასწორო მოპყრობაზეც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. მმართველი პარტიის პოზიციით, დაფინანსება “ფაქიზი საკითხია” და მსჯელობა კონსტრუქციულ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც ისინი მზად არიან. პარტიის ლიდერების თქმით, რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების ამჟამინდელი პრაქტიკა კანონიერია და საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემული მუნიციპალური თანხების უდიდესი ნაწილი (მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) ქველმოქმედებას და სოციალურ მსახურებას ხმარდება[1]. პარტია პროგრესში საქართველოს საპატრიარქოს გარდა, 2014 წლიდან დამატებით ოთხი რელიგიური გაერთიანების დაფინანსებასაც გულისხმობს. თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის თქმით, მისი მერობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სათითაოდ განიხილავს რელიგიური გაერთიანებების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს და მზად იქნება მათ დაეხმაროს სოციალური პროექტების განხორციელებაში.

 

  • არადომინანტი რელიგიური ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან ახალი საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვების მოპოვების პროცესში, მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ კანონიერი საფუძვლის გარეშე სავალდებულო სახით მოთხოვნილი რეკომენდაციების გამო. როგორ აფასებთ რელიგიური გაერთიანებებისთვის საკულტო ნაგებობების მშენებლობისას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბარიერების შექმნას და როგორ ხედავთ პრობლემის გადაჭრის გზებს?

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი: თბილისის მერობის კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, დაუშვებელია, საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციებს ჰქონდეს სავალდებულო ხასიათი და მშენებლობის საკითხს სჭირდებოდეს სააგენტოსთან შეთანხმება. ასევე, მიუღებელია ნებართვების გაცემისას კონკრეტული რელიგიური გაერთიანების მრევლის რაოდენობის გათვალისწინება. საკულტო ნაგებობის აშენება შესაძლებელი უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ კაცს სურს იქ ლოცვა.

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის: მერობის კანდიდატი და პარტიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობის ორგანოს უნდა ჰქონდეს არადისკრიმინაციული მიდგომა - დომინანტი რელიგიური ჯგუფი და რელიგიური უმცირესობები მშენებლობის ნებართვას ერთნაირი პირობების გათვალისწინებით უნდა იღებდნენ. ელენე ხოშტარიას თქმით, პრობლემას არა სამართლებრივი მექანიზმის ხარვეზები, არამედ პოლიტიკური ნების არარსებობა ქმნის.პარტიის პოზიციით, საკულტო ნაგებობების მშენებლობისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის სავალდებულო ფორმით მოთხოვნა, უსაფუძვლო და უკანონოა. სააგენტო არ არის სტრუქტურა, რომელსაც ეხება ეს საკითხი და რომელშიც ის კომპეტენტურ ორგანოდ ჩაითვლება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის მიერ მშენებლობის ნებართვისთვის ისეთი დამატებითი საბუთების მოთხოვნა, რაც კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენს, გაუმართლებელია და მისი მერობის შემთხვევაში, ამგვარი პრაქტიკა აღარ იარსებებს.  პარტიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მუნიციპალიტეტებს თანასწორობაზე დაფუძნებული მიდგომა უნდა ჰქონდეთ  და  საკულტო ნაგებობების მშენებლობას ხელს არ უნდა უშლიდნენ. რელიგიურ გაერთიანებებს უნდა ჰქონდეთ საშუალება სირთულეების გარეშე ააშენონ საკულტო ნაგებობები. მსგავსი დაბრკოლებების შექმნა და დისკრიმინაცია მიუღებელია.   

საქართველოს რესპუბლიკური პარტია: პარტიის შეფასებით, თუ მოქალაქეებს სურთ კონკრეტულ ადგილას საკულტო ნაგებობების აშენება, არავის აქვს წინააღმდეგობის გაწევის უფლება, მათ შორის მუნიციპალიტეტს. თვითმართველობის პრინციპის თანახმად, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები თავად წყვეტენ, რის მშენებლობას ამჯობინებენ. შესაბამისად, თუ ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ ადგილზე საკულტო ნაგებობა უნდა აღიმართოს, არ არსებობს არავითარი ლეგიტიმური საფუძვლი, რომ მათ კანონიერ მოთხოვნაზე უარი ეთქვათ.  პარტიის განცხადებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტო მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში არ უნდა ერეოდეს და ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო პოლიტიკური პარტიის ლიდერების თქმით, რელიგიური გაერთიანების წინაშე არსებული ქონებრივი პრობლემები მათთვის კარგად არის ცნობილი. კონკრეტულად მშენებლობის ნაბართვის მიღებისას შექმნილ სირთულეებზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გონივრულად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა. თუმცა, არ უსაუბრიათ ხელოვნური ბარიერების გამომწვევ მიზეზებზე, ასევე კონკრეტულად როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა.

 

  • როგორი უნდა იყოს რელიგიური ღირებულების მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებისა და დაცვის კუთხით თვითმმართველობის პოლიტიკა?

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი: თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხთან დაკავშირებით კანონმდებლობა არაადეკვატურია. თბილისში არ არსებობს კონკრეტული უწყება, რომელიც მთლიანად პასუხისმგებელი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ელისაშვილის თქმით, თბილისის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. სადავო საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერიამ უნდა აიღოს. მერია უნდა განკარგავდეს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას.

ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის: თბილისის მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას თქმით, პარტიის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაა.  მისი თქმით, პარტიამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც თავისი მოდელით წააგავს “ძველი თბილისი - ახალი სიცოცხლის” კონცეფციას და გულისხმობს ბიზნესთან თანამშრომლობით უბნების რეაბილიტაციას. ამ გეგმის მიხედვით, ქალაქის საბიუჯეტო სახსრები კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, რელიგიურ უმცირესობათა კულტურულ/ისტორიული ნაგებობების აღდგენასა და რეაბილიტაციაში დაიხარჯება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა:  პარტიის ლიდერების თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი, რომლებიც დღეს ინგრევა ან მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი, რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდშია ჩამორთმეული, ზოგი მათგანი სახელმწიფო ბალანსზეა. მათი გადაცემის ინიციატივა, მერიამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ პროცესს აფერხებს, არის პოლიტიკური ნების არარსებობა.  ზაალ უდუმაშვილის თქმით, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მერიის კომპეტენცია უნდა იყოს. სოფელ მოხეს მსგავსი ვითარების თავიდან ასაცილებლად, პარტიას საჭიროდ მიაჩნია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღოს უფრო ქმედითი  ზომები რელიგიურ გაერთიანებათა საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნებისა და შენარჩუნებისთვის. .

საქართველოს რესპუბლიკური პარტია: პარტიის ლიდერები საჭიროდ მიიჩნევენ ძეგლების შესწავლა/შეფასებას და ყურადღებას ამახვილებენ რელიგიური ღირებულების შენობა-ნაგებობების შენარჩუნებაზე. პარტიის განცხადებით, საკულტო ნაგებობები უნდა იყოს აღიარებული  როგორც არა მხოლოდ კონკრეტული რელიგიური ჯგუფის საკუთრება, არამედ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის თქმით, მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი დედაქალაქის განაშენიანების პოლიტიკის შეცვლაა. კალაძის თქმით, მისი გუნდი ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის გეგმავს 500 მილიონი ლარის დახარჯვას, მათ შორის პროექტში გათვალისწინებული იქნება კონფესიური ნაგებობების შენარჩუნება-რეაბილიტაციაც. კალაძის თქმით, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის საკულტო ნაგებობების მძიმე მდგომარეობის შესახებ იგი ამჟამად ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არჩევნების შემდეგ მზად არის დეტალურად იმსჯელოს ყველა საკითხზე. 

 

  • საჯარო პირები, საჯარო მოხელეები და/ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხშირად იყენებენ რელიგიური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენას და ავლენენ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. როგორ აფასებთ ამ პრობლემას და რა მექანიზმები შეიძლება გამოიყენოს პილიტიკურმა პარტიამ სიძულვილის ენასთან საბრძოლველად?

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი: ალექსანდრე ელისაშვილის და მისი გუნდის წევრების განცხადებით, მათთვის პრინციპულად მიუღებილია ქსენოფობია, ნებისმიერი ადამიანის ამა თუ იმ ნიშნით დისკრიმინაცია. მათი განცხადებით, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის გუნდში სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები არ არის და შესაბამისად ამ კუთხით პრობლემა არ დგას.

ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის: თბილისის მერობის კანდიდატისა და პარტიის ლიდერების თქმით, პარტია არ არის სიძულვილის ენის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების მომხრე, თუმცა პარტიის შიგნით მათი პოზიცია შეუვალია - არც ერთი პირი, რომელიც სიძულვილის ენას გამოიყენებს, ვეღარ იქნება პარტიის წევრი ან კანდიდატი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: პარტიის განცხადებით, მათ მოამზადეს მემორანდუმის ტექსტი სიძულვილის ენის შიდა რეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, მათი თქმით, შეეცადნენ ამ საკითხზე ეთანამშრომლათ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა, ჯერჯერობით მრავალპარტიულ ფორმატში ვერ მოხერხდა მემორანდუმის ამოქმედება. პარტია ეწინააღმდეგება სიძულვილის ენის გამოყენებას და სხვებსაც მოუწოდებს შიდა რეგულაციური მექანიზმების შემუშავებისკენ.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია: პარტიის ლიდერების განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა შიდა პარტიული რეგულაციებისა და სანქციების შემუშავებაზე. როგორც აღნიშნეს, მათი წევრები, როგორც წესი, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ რიტორიკას არ იყენებენ. ისინი ასევე არ ეთანხმებიან სიძულვილის ენის კრიმინალიზების ინიციატივას, რადგან გამოხატვის თავისუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო: პარტიის ლიდერების თქმით, საკრებულოს წევრობის მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ბექა სივსივაძემ[2] გამოიყენა სიძულვილის ენა ერთ-ერთ გაზეთში. პარტია მიიჩნევს, რომ ამ საკითხს ზედმატად დიდი დრო და ყურადღება ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მხრიდან - “სივსივაძე სიის 25-ე ნომერია, რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიულადაც კი ძალიან მცირე შესაძლებლობაა, რომ ის საკრებულოში მოხვდეს.” პარტიის ლიდერების განცხადებით, თუკი მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, მათ გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთებთან შეუძლიათ მიიღონ. პარტიის თქმით, თუკი მათ ქსენოფობიური განწყობების მქონე კანდიდატი ჰყავთ, მთელი გუნდი ამისთვის “პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.”

 

 

[1]  TDI-ის  მიერ მუნიციპალიტეტებისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილი თანხის 0,2 % დაიხარჯა სოციალურ მსახურებაზე, 2014 წელს კი ამ მიზნობრიობით თანხის 0,6 % იყო გამოყოფილი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ TDI-ის მიერ მომზადებული ანგარიში:რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების პოლიტიკა და პრაქტიკა (2015-2016): https://goo.gl/cbQ3n8; ასევე TDI-სა და EMC-ის ერთობლივი კვლევა: https://goo.gl/3edvpE

[2] http://netgazeti.ge/news/222653/; http://www.tabula.ge/ge/story/124841-ngo-ebi-sivsivadzis-da-mesxis-ocnebis-siashi-kofna-qsenofobias-da-homofobias-axalisebs

 

შენიშვნა: ფოტოზე გამოყენებულია იმ პოლიტიკური პარტიებისა და თბილისის მერობის კანდიდატის ლოგოები, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს შეხვდნენ