სიახლეები
TDI
აგვ/1923

სახალხო დამცველმა მინისტრთა კომიტეტს რელიგიის საქმეებზე მიმართა

2019 წლის 19 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მოსაზრება წარუდგინა, რომელიც იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობას ეხება. კერძოდ, მიმოხილულია ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ქსენოფობიის სისტემური პრობლემები და ასევე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების კუთხით ქართულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები.

იდენტობის ჯგუფის საქმეები აერთიანებს: იდენტობა საქართველოს წინააღმდეგ, ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, შეფასებულია რელიგიის თავისუფლების, განსახვავებული რელიგიური ჯგუფებისა და ეთნიკური იდენტობის მქონე პირთა მიმართ არსებული მტრული გარემო; ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოში ქსენოფობია სისტემური პრობლემაა, მოქმედებენ ორგანიზებული ქსენოფობიური ჯგუფები, პოლიტიკოსების ნაწილი კი მუდმივად აღვივებს სიძულვილს განსხვავებული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მიმართ როგორც მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ისე საჯარო დემონსტრაციების დროს. შეუწყნარებლობის სამიზნე ყველაზე ხშირად არიან ირანული, ინდური, თურქული, აფრიკული წარმოშობის ადამიანები, მუსლიმები და იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.[1]

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით ინსტიტუციური მექანიზმების პრობლემაზე. აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში გადაუჭრელია შემდეგი საკითხები: არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ქონების დაბრუნება და ბარიერები ახალი ნაგებობების მშენებლობის დროს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული დისკრიმინაციული გარემო, რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტიანი გამოძიება. გარდა იმისა, რომ განსხვავებული რელიგიური ჯგუფების მიმართ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის რიტორიკა ხშირად გამოიყენება პოლიტიკურ კონტექსტში, რელიგიური უმცირესობებისთვის თითქმის შეუძლებელია საჯარო სივრცითა და მედიით სარგებლობა. 

სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემურია, რომ ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ რელიგიის თავისუფლების საკითხებზე პასუხისმგებელია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ რელიგიური გაერთიანებები და არსამთავრობო ორგანიზაციები, რადგან სააგენტო არ ასრულებს მასზე ნაკისრ ვალდებულებებს.

ომბუდსმენის განმარტებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი არადამაკმაყოფილებლად ან ნეგატიურად აფასებს. რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორებიცაა TDI და EMC, ასევე სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი კრიტიკულად აფასებენ ამ უწყების მოღვაწეობას. ისინი აღნიშნავენ, რომ სააგენტო მოწოდებულია არა რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის, არამედ რელიგიური გაერთიანებების კონტროლისაკენ.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რელიგიის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებზე; რაც შეეხება სააგენტოში არსებულ ინტერ-რელიგიურ ფორუმს, უცნობია მისი მუშაობის დადებითი ასპექტები.

დოკუმენტში ყურადღება ეთმობა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) შეფასებასაც. მეხუთე მონიტორინგის ციკლის ანგარიშში, კომისიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გაზარდოს მხარდაჭერა და ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან, ასევე, დაავალოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გაითვალისწინოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. მიუხედავად ამ რეკომენდაციისა, არსებობის მანძილზე [2014 წლიდან] რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ გამოუჩენია ინიციატივა, შეხვედროდა როგორც რელიგიათა საბჭოს, ისე ტოლერანტობის ცენტრს, რომელიც კოორდინირებას უწევს საბჭოს საქმიანობას და მუშაობს რელიგიის თავისუფლების საკითხებზე. შესაბამისად, ECRI აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რეკომენდაცია არ შეასრულა.

სახალხო დამცველი მინისტრთა კომიტეტს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებაც უზიარებს ინფორმაციას. ომბუდსმენი დადებითად აფასებს 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ერთეულის - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას, მაგრამ აღნიშნავს, რომ არ იყო ECRI-ს და სახალხო დამცველის რეკომენდაცია გათვალისწინებული, დეპარტამენტს ჰქონოდა საგამოძიებო ფუნქციაც.

აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე რეაგირება სწორი კვალიფიკაციის მინიჭების კუთხით, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება გამოძიებისას სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემურია სამართალდამცველების მგრძნობელობა და შესაბამისი უნარების ფლობა დისკრიმინაციის მსხვერპლების მიმართ. არის შემთხვევები, როდესაც დაზარალებულებს პოლიციელები შეურაცხმყოფელი და ცინიკური ფორმით მიმართავენ. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ სისტემურ პრობლემად რჩება რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება - საქმეები ჭიანურდება წლობით ან გამოძიება წყდება.

სახალხო დამცველი რასიზმს მწვავე პრობლემად ასახელებს და აღნიშნავს, რომ ვიტალი საფაროვის ქსენოფობიური მოტივით მკვლელობა განსაკუთრებით საგანგაშოა.

მინისტრთა კომიტეტი მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ სხდომაზე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხს განიხილავს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს შეაფასებს. მათ შორის იქნება საქმეები: ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, გლდანის კონგრეგაციის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეები შეეხება 1999-2001 წლებში საქართველოში იეჰოვას მოწმეების მიმართ სასტიკ ძალადობასა და დევნას. სამივე საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო რელიგიის თავისუფლების დაცვა და შესაბამისად, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი (აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება) ცალკე და მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში.

 

ფოტო: coe.int 

 

[1] იხ. TDI-ის სპეციალური ანგარიში საქართველოში რასიზმის, ქსენოფობიისა და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ http://tdi.ge/sites/default/files/tdi_angarishi_rasobrivi_diskriminacia_ucxoelebis_uplebebi.pdf