სიახლეები
TDI
ოქტ/1918

საერთაშორისო ექსპერტი რელიგიის თავისუფლებაზე საქართველოში

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში[1], საერთაშორისო ექსპერტმა, მეგი ნიკოლსონმა[2], მოამზადა საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შესრულების მიმოხილვა. დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება ეთმობა რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით დოკუმენტში ხაზგასმულია შემდეგი საკითხები:

საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, მიღებული უნდა იყოს ეფექტიანი ზომები, რაც უზრუნველყოფს რწმენისა და რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვას, ყველა რელიგიური გაერთიანების შეუზღუდავ საქმიანობას და რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების პრევენციასა და ობიექტურ გამოძიებას.

საქართველოს კონსტიტუციის მუხლს, რომელიც ადგენს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას, ცვლილებები შეეხო საქართველოს 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში. ვენეციის კომისიამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული მუხლის ახალი ფორმულირება, მანამდე არსებული ვერსიისგან განსხვავებით, შეაფასეს როგორც უფრო შემზღუდავი და წინააღმდეგობრივი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან მიმართებით. მოგვიანებით, პარლამენტმა კვლავ შეცვალა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი (მე-16 მუხლი), რომელიც სახალხო დამცველისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შეფასებით, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

დოკუმენტში მიმოხილულია 2018-2019 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების უზრუნველყოფაზე. აღნიშნულ საქმეებს როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოებში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აწარმოებდა. კერძოდ:

2018 წლის 3 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომლის მიხედვით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაკვეთით ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა თავისუფლდებოდა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. სადავო ნორმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აყენებდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში მომსახურების შესყიდვის თვალსაზრისით და სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის ქმნიდა დისკრიმინაციულ გარემოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა 5 რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის დისკრიმინაციულ დებულებებთან დაკავშირებით. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მიიღოს სახელმწიფო ქონება უფასოდ, მაშინ, როდესაც სხვა რელიგიური ორგანიზაციები არ სარგებლობენ ამ პრივილეგიით. ორივე საქმეზე სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ან პრივილეგიების სრული გაუქმებით, ან მათი განვრცობით ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე. პარლამენტმა უნდა განიხილოს, რა ზომების მიღება არის საჭირო კანონმდებლობის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

2017 წლის დეკემბერში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, აღმოეფხვრა დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც რელიგიური ნაგებობების მშენებლობისათვის რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოსგან რეკომენდაციის სავალდებულო წესით მოთხოვნას უკავშირდებოდა. აღნიშნულ საქმეს რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან, სავარაუდოდ, არასავალდებულო შინაარსის დოკუმენტების მოთხოვნის პრაქტიკას სახელმწიფო იყენებდა რელიგიური უმცირესობებისთვის ხელოვნური ბარიერების შესაქმნელად.

ექსპერტის შეფასებით, თუკი საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების აღნიშნული გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულებისათვის იარსებებს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების საჭიროება, სახელმწიფოსთვის ეს უნდა იყოს პრიორიტეტული.

დოკუმენტის თანახმად, ბოლო პერიოდის დადებითი განვითარება ეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ ბათუმში მუსლიმი თემი გახდა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, როდესაც მათ ბათუმის მერიამ უარი უთხრა მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე. სასამართლომ გააუქმა ბათუმის მერიის მიღებული გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა ადმინისტრაციულ ორგანოს. 

მეგი ნიკოლსონმა რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობაც შეაფასა. აღნიშნულია, რომ სააგენტოს ევალება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული აქტივობების შესრულება. სააგენტო დაარსდა 2014 წელს, როგორც რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო, თუმცა, ეს უწყება მცირე ნდობით სარგებლობს. მის მიერ რამდენიმე რელიგიური ჯგუფისთვის თანხების გადაცემა და საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური შენობების რესტიტუციის პროცესი უნდობლობას იწვევს და დისკრიმინაციად განიხილება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნაცვლად იმისა, სააგენტო მიიჩნეოდეს რელიგიის თავისუფლების დაცვის უწყებად, ის განიხილება, როგორც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის მექანიზმი, რაც არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა აქტორის მიერ.

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ 2016 წლის მოხსენებაში (მონიტორინგის მე-5 ციკლი) რეკომენდაცია მისცა სახელმწიფოს, რომ რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს ეთანამშრომლა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და გაეზიარებინა საბჭოს გამოცდილება რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის აღმოსაფხვრელად.  მთავრობასთან შემდგომი კომუნიკაციების საფუძველზე, 2018 წლის დეკემბერში, ECRI–ს ცნობით, მდგომარეობა, რასაც ეფუძნებოდა ეს პრიორიტეტული რეკომენდაცია, კვლავ შენარჩუნდა - სახელმწიფო სააგენტოს არ გადაუდგამს რაიმე სერიოზული ნაბიჯი რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობისათვის.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, სახელმწიფოს არ გადაუხედავს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საქმიანობისა და მანდატისთვის. მისი შეფასებით, ამ სფეროში რეფორმის გატარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის ანგარიშში მიუთითებს, რომ “მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია კვლავ სისტემური დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შემცველ რეალობად შეიძლება დახასიათდეს”. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2017 წლის 1 სექტემბერსა და 2018 წლის 31 აგვისტოს პერიოდში განხილული განცხადებების 18% შეეხებოდა დისკრიმინაციას რელიგიურ ნიადაგზე, რაც, წინა წელთან შედარებით, 8%-ით არის გაზრდილი. შეუწყნარებელი რიტორიკა ფართედ და საჯაროდ გამოიყენება სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ან რელიგიური მრწამსის არმქონე პირების მიმართ. პოლიტიკოსები მედიით, საჯარო დემონსტრაციებზე თუ სოციალურ ქსელებში, მუდმივად აღვივებენ სიძულვილს სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მიმართ. 2017 წელს სახალხო დამცველი იძულებული გახდა, მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის რეკომენდაციით, მიეღო რეგულაცია მსგავსი განცხადებების აღსაკვეთად. შედეგად, 2019 წლის თებერვალში პარლამენტმა მიიღო ეთიკის კოდექსი.

დოკუმენტში საუბარია საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დაცვის აუცილებლობაზეც. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის და თანასწორობის დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, ამ მიმართულებით სამთავრობო პოლიტიკა არაეფექტურია, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს სისტემატური ხასიათი აქვს. მეგი ნიკოლსონის შეფასებით, მასწავლებლებისთვის მუდმივად უნდა ხდებოდეს სეკულარობის პრინციპის შეხსენება და სათანადო ღონისძიებების გატარება. 

 

 

[1] პროგრამა განხორციელდა გაეროს ოთხი სააგენტოს მიერ: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი (OHCHR), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

[2] მუშაობდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ნიუ იორკის ოფისში, ევროპის საბჭოში, ორგანიზაციებში „Human Rights First” და „Amnesty International“