სიახლეები
TDI
ნოე/1922

ახალი მეჩეთის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება

2019 წლის 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია.  2019 წლის 19 ნოემბერს მხარეებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდა. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებთ, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია განვმარტოთ სასამართლოს დასაბუთება.  

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბათუმის მერიის უარი სასამართლოში 2017 წელს გაასაჩივრა. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებების კანონიერება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენას და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალებას.

მოსარჩელეების მითითებით, იმ პირობებში, როდესაც 12 000 მოქალაქე, მოსარჩელის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე რელიგიის თავისუფლების რეალიზების მიზნით სპეციალური ზონალური შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემას ითხოვდა, ბათუმის მერიამ უარის საფუძვლად სამომავლოდ ტერიტორიის საცხოვრებელი კომპლექსებით განვითარების აბსტრაქტული ინტერესი დაასახელა, რელიგიის თავისუფლების, საკუთრების უფლების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის არსებითი ინტერესი კი უგულებელყო. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიიჩნია დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით გამოყენება - ბათუმის მერიამ არ გაითვალისწინა მუსლიმი მრევლის მაღალი სოციალური ინტერესი და ამ მნიშვნელოვანი ინტერესის უგულებელყოფით პრიორიტეტი მიანიჭა აბსტრაქტულ საჯარო ინტერესს ქალაქის ამ ზონის საცხოვრებელი მიზნით განაშენიანების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ „მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არ დაუსაბუთებია, რატომ მიანიჭა კონკრეტული კვარტლის ექსკლუზიურად საცხოვრებელი სახლების დანიშნულებით განვითარების ინტერესს პრიორიტეტი, მოსარჩელეთა რელიგიის თავისუფლების, საკუთრების უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებებთან მიმართებით, როდესაც მოთხოვნა ემყარებოდა იმ მოცემულობას, რომ ა(ა)იპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ მტკიცებით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი მეჩეთის (ორთა ჯამე) არსებობის პირობებში, მუსლიმი თემისთვის არასაკმარისი იყო სალოცავი სივრცე, რის გამოც, ისინი წლების განმავლობაში იძულებული არიან ღია ცის ქვეშ ილოცონ და ხელი ეშლებათ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობაში.“

დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების გადამწყვეტი ფაქტობრივი საფუძველი შექმნა იმ გარემოებამ, რომ იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე ითხოვდა მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, მხოლოდ საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე რაიონში, საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ განაშენიანებულ კვარტლებში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა განთავსებული, მათგან სამი - ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ უფლების შეზღუდვის დროს, რელიგიურ გაერთიანებათა დიფერენციაცია, როცა მუსლიმ თემს  უფლება ეზღუდება, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას არა, შეუძლებელია გამართლდეს რაიმე სახის ლეგიტიმური მიზნით, რაც ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის გახდა მოპასუხის მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის განხორციელების დადგენის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის დადგენის პროცესში სასამართლომ ასევე გაიზიარა სახალხო დამცველის მიერ მომზადებული რეკომენდაცია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე.

მოსარჩელე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ასევე ითხოვდა ბათუმის მერიისთვის სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულებას. სასამართლომ ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა შედის მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებაში და მერიამ თავიდან უნდა იმსჯელოს სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებით. თუმცა მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, სადაც დადგენილია, რომ მართლმადიდებლურ საკულტო ნაგებობებთან შედარებით განსხვავებული მოპყრობის პირობებში, მუსლიმი თემისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისთვის საჭირო აქტების გაუცემლობას ვერ ექნება კანონიერი მიზანი და ეს განსხვავება ვერ იქნება გამართლებული. მართალია სასამართლოს ბათუმის მერიისთვის არ დაუვალებია მოსარჩელის მოთხოვნილი აქტების გამოცემა, თუმცა  ფონდის მიმართ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან შედარებით განსხვავებული მოპყრობის საფუძვლით დისკრიმინაციის დადგენის შემდეგ ბათუმის მერიამ პრაქტიკულად დაკარგა სამომავლოდ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის დასაბუთების შესაძლებლობა.

იმ პირობებში, როცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მუსლიმი თემის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ვერ გამართლდება რაიმე ლეგიტიმური მიზნით, აზრს კარგავს მერიისთვის საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ახალი აქტის გამოცემის დავალება. ამ ვითარებაში დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრის ერთადერთი გზა მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მერიისთვის შესაბამისი აღმჭურველი აქტის (მშენებლობის ნებართვის პირველი სტადია) გამოცემის დავალება უნდა ყოფილიყო. ამ გზით თავიდან იქნებოდა აცილებული მერიის გადაწყვეტილების ხელახალი გასაჩივრება, თუკი ის ფონდის მოთხოვნას ისევ არ დააკმაყოფილებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ  სასამართლოს მიერ დადგენილი დისკრიმინაციის აღმოფხვრის ერთადერთი გზა შეიძლება იყოს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება და შესაბამისი აქტების გამოცემა ბათუმის მერიის მხრიდან. ამ მოცემულობაში ბათუმის მერიის მხრიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება (რის შესახებაც, მერიამ პირველივე დღეებში გააკეთა საჯარო განცხადებები) სამართლიანი გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურების მცდელობად განიხილება და ის არსებითად დააზიანებს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისთვის თანასწორი უფლებრივი გარემოს შექმნის კონსტიტუციურ პრინციპებსა და ინტერესს. ჩვენი შეფასებით, მერიის ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააღრმავებს უთანასწორობის და უსამართლობის აღქმასა და უნდობლობას მუსლიმ თემში და აშკარა წინააღმდეგობაში მოვა ინკლუზიური და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან. 

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი და მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი ორგანიზაციები - TDI და EMC მოვუწოდებთ:

ბათუმის მერიას გაითვალისწინოს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის, უფლებრივი, სოციალური და კულტურული მნიშვნელობა და საკუთარი გადაწყვეტილებებით ამ პროცესს უკანონო და დაუსაბუთებელი წინააღმდეგობები ხელახლა არ შეუქმნას.

საქართველოს მთავრობასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სათანადოდ გაიაზროს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის მნიშვნელობა და უფლების დარღვევის მასშტაბი და მიიღოს სათანადო პოლიტიკური ზომები, საკითხის დროული და ეფექტიანი გადაწყვეტისთვის.