სიახლეები
TDI
მაისი/2014

საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო რელიგიური გაერთიანებების სარჩელი ქონების გადასახადზე

მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა საოქმო ჩანაწერი და არსებითად განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი. მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა იცავენ.

კონსტიტუციური სარჩელით რელიგიური ორგანიზაციები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის საფუძველზეც, არაეკონომიკური მიზნით გამოყენებულ მიწაზე ქონების გადასახადისგან მხოლოდ ერთი რელიგიური გაერთიანება, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესია არის გათავისუფლებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

კერძოდ, გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს არ ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან მიწის არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადისგან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც ასევე დისკრიმინაციულ პირობებს აწესებდა რელიგიური ოგანიზაციებისთვის.

 

TDI სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს პროექტის "რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.