ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2206

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ - 2021

2 ივნისს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ.

ანგარიშში მიმოხილულია კოვიდ 19-ის დროს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის, რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების სავარაუდო უკანონო თვალთვალისა და მიყურადების საკითხები; რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის TDI-ს საკონსტიტუციო სარჩელები და სამართალწარმოების შედეგები; საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი; რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო სისტემაში; რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, სიძულვილის ენის, საეკლესიო ანტისემიტიზმის კუთხით არსებული პრობლემები და რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები, მათ შორის ვრცლად არის აღწერილი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებები და აქტივობები საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ანგარიშში საუბარია შემდეგ თემებზე: 

 

კოვიდ 19-ის დროს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის საკითხები

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები უთანასწორო მდგომარეობაში აყენებდა რელიგიურ გაერთიანებებს და რეგულაციები ყველაზე თანაბრად არ ვრცელდებოდა. მაგალითად, საქართველოს საპატრიარქო შეკრებასთან დაკავშირებული შეზღდუდვებისგან გათავისუფლდა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისას, მათ შორის ქრისტეშობის დღესასწაულსა და აღდგომაზე, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ ერთჯერადი საშვის მისაღებად მიემართათ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის და გაეგზავნათ რელიგიური შინაარსის შეკრებაზე დამსწრეთა სიები. აღნიშნული მიდგომა  TDI-მ და რელიგიური გაერთიანებების დიდმა ნაწილმა გააკრიტიკეს. მათი თქმით, ამგვარი პრაქტიკა აჩენდა ეჭვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები კონკრეტული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდნენ.

  

რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების სავარაუდო უკანონო თვალთვალი და მიყურადება

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში მედიასა და ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ჩანაწერებით გამოვლინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს რელიგიურ ლიდერებს, მათ შორის მათ კავშირებს პოლიტიკურ ლიდერებთან, ჟურნალისტებსა და უცხოელ დიპლომატებთან. საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ უარყვეს დოკუმენტების ლეგიტიმურობა. უამრავმა პოლიტიკოსმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა კი გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები აღნუსხავდნენ მათ პირად საუბრებს სასულიერო პირებთან და ამგვარ ჩარევას ჰქონდა მსუსხავი გავლენა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე. 

 

უთანასწორობა საქართველოს კანონმდებლობაში 

ანგარიშში მიმოხილულია რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის TDI-ს საკონსტიტუციო სარჩელები და სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგები. 

ანგარიშში ნახსენებია 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების სარჩელები დააკმაყოფილა. მოსარჩელეების პოზიციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის კონკრეტული ნორმები რელიგიური გაერთიანებებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიდა (შენიშვნა: მოსარჩელეთა ინტერესებს TDI იცავდა). 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდგომ, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ვადა, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად შეეცვალა სახელმწიფო ქონების კანონისა და საგადასახადო კოდექსის სადავო ნორმების შინაარსი და მათი მოქმედება თანაბრად გაევრცელებინა ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა არ მიიღო ზომები საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. 

2020 წლის 30 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც რელიგიური ორგანიზაციები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის საფუძველზეც არაეკონომიკური მიზნით გამოყენებულ მიწაზე ქონების გადასახადისგან მხოლოდ ერთი რელიგიური გაერთიანება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის გათავისუფლებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაშია ცხრა რელიგიური ორგანიზაციის კიდევ ერთი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ზღუდავს რელიგიური ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის ან გაცვლის უფლებას. 

2021 წელს ცხრა რელიგიურმა ორგანიზაციამ მორიგი კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, არ ათავისუფლებს იმპორტის გადასახადისგან საღვთისმსახურო პროდუქციის შემოტანის დროს (2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი).

გარდა ამისა, 2021 წლის ბოლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რელიგიური ორგანიზაციების კიდევ ერთი სარჩელი,  რომლითაც მოსარჩელეები ითხოვენ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს  რელიგიური და საკულტო ნაგებობების პრივატიზებას უკრძალავს (მათ შორის, იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომელთაც წარსულში ეკუთვნოდათ ესა თუ ის რელიგიური ნაგებობა და ჩამოერთვათ საბჭოთა რეპრესიების შედეგად). 

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმესთან გააერთიანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის დისკრიმინაციული ნორმების შესახებ სასამართლოს წარმოებაში უკვე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ორი სარჩელი (არაეკონიმიკური დანიშნულებით გამოყენებულ ქონებაზე მიწის გადასახადსა და იმპორტის გადასახადის და დღგ-ს გადასახადის ვალდებულებასთან დაკავშირებით რელიგიური დანიშნულების პროდუქციის საქართველოში შემოტანისას). 

ანგარიშში აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ."    საქმე შეეხებოდა 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში პოლიციის მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ადგილობრივი მუსლიმების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასა და მასზე წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობას. პოლიციამ მუსლიმებზე იძალადა, როდესაც სოფელ ჭელაში მუსლიმთა თემის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ სახელმწიფოს მიერ მეჩეთის მინარეთის იძულებით მოჭრას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მოსარჩელეების სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 

 

“რელიგიის კანონის” ინიციატივის შეფასებები

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო და ზოგიერთი რელიგიური გაერთიანება, მათ შორის იუდაური თემის წარმომადგენლები და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ ადვოკატირებდნენ რელიგიის შესახებ კანონის ინიციატივას, რომელსაც მათი თქმით, შეეძლო განესაზღვრა რელიგიური გაერთიანებების მიერ შეღავათების, სამართლებრივი სტატუსის მიღებისა თუ რეგისტრაციის წესი, ასევე საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხები.  

თუმცა ამ ინიციატივას შეეწინააღმდეგა სამოქალაქო საზოგადოების უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის მუსლიმი თემი, კათოლიკე და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები. მათი თქმით, ამგვარი კანონი ხელს შეუწყობდა რელიგიური გაერთიანებების იერარქიზაციას და სახელმწიფოს მეტ ბერკეტს მისცემდა არადომინანტური რელიგიური ორგანიზაციების დისკრიმინაციისა და შეზღუდვისთვის. ასევე კრიტიკოსების აზრით, კანონი მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ზოგიერთი არადომინანტი რელიგიური ჯგუფის თქმით, რელიგიისა და რწმენის ფუნდამენტური უფლების დაცვის ნაცვლად, რელიგიურ გაერთიანებებზე კონტროლს ახორციელებს. 

 

საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი

ანგარიშში აგრეთვე მიმოხილულია რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული ერთ-ერთი სისტემური პრობლემა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი. 

ანგარიშის თანახმად, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ კვლავ მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თბილისში არსებული ხუთი და ახალციხის ერთი ეკლესიის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაგებობა სახელმწიფო საკუთრებაშია და მათზე პრეტენზიას მართლმადიდებელი ეკლესიაც აცხადებს. სააგენტოს არ უპასუხია ასევე ეკლესიის მიერ 2015-2018 წლებში გაგზავნილ პეტიციებზე, სადაც იგი 57 ნაგებობის საკუთრების ან სარგებლობის უფლებით დაბრუნებას ითხოვს. 

ჩამორთმეული ნაგებობების რესტიტუციას ითხოვს მუსლიმი თემიც ქვემო ქართლში, ადიგენსა და აჭარაში. ამ დრომდე მუსლიმი თემისთვის ნაგებობები მხოლოდ სარგებლობის, და არა საკუთრების უფლებით არის გადაცემული. 

 

ბათუმში მეჩეთის მშენებლობისა და მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები 

2021 წლის 13 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელმაც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს გაცემული უარი დისკრიმინაციულად მიიჩნია. თუმცა, ბათუმის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმაც მიმართა, სადაც ის ბათუმის მერიისთვის მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების პირდაპირ დავალდებულებას ითხოვს. 

ქობულეთის ისლამურ სკოლა-პანსიონთან დაკავშირებით, 12 აპრილს, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილება. ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველობას და კომპანიას, რომელთანაც სამუშაოების ხელშეკრულება არსებობდა, სასამართლომ დაავალა სკოლა-პანსიონში წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შეყვანა-გამართვა, თუმცა წლის ბოლოსთვის არც ადგილობრივმა თვითმმართველობამ და არც კომპანიამ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულეს. 

 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა საგანმანათლებლო სისტემაში 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, სკოლების უმეტესობა იანვრიდან სექტემბრამდე ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ამ დროის განმავლობაში სამინისტროს არ გამოუვლენია დისკრიმინაციის შემთხვევები, თუმცა, მოსწავლეები შესაძლოა ასეთი შემთხვევების შესახებ საყვედურის თავიდან ასაცილებლად არ იუწყებოდნენ. 

TDI-ის ცნობით,  მას შემდეგ რაც, 2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა აბიტურიენტებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა ეროვნული გამოცდების დანიშვნისას, გამოცდები მხოლოდ სამუშაო დღეებში ინიშნებოდა. 2020 წელს TDI იცავდა მეშვიდე-დღის ადვენტისტი ორი აბიტურიენტის ინტერესებს, რომელთაც გამოცდის სხვა დღეს გადატანა მოითხოვეს, რადგან რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ შაბათ დღეს დანიშნულ გამოცდაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათ  გამოცდის გადატანაზე უარი უთხრა. თუმცა, საბოლოოდ, TDI-ის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ, დროებითი განჩინებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აბიტურიენტებისთვის დაგეგმილი გამოცდის არაშაბათ დღეს გადატანა დაავალა, რის შემდეგადაც, ცენტრმა აბიტურიენტებს გამოცდა გადაუვადა. პარალელურად აბიტურიენტებმა, (რომელთა ინტერესებსაც TDI იცავდა) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს სარჩელით და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა და მორალური ზიანის სიმბოლური ანაზღაურება მოითხოვეს. 

 

რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის საკითხი

ანგარიშში ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საჯარო რეესტრში  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირდა. მანამდე ორგანიზაციას ჰქონდა არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსი. საქართველოში რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაციის წესის თანახმად, სამართლებრივი სტატუსი არ ანიჭებს რაიმე პრივილეგიას რელიგიურ ჯგუფებს და ისინი კანონის წინაშე თანასწორი არიან. ამავე დროს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი ექვს რელიგიურ გაერთიანებას უთხრა. 

 

რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსების საკითხი

2021 წელს მთავრობამ, სახელმწიფო დაფინანსების სახით, 25 მილიონი ლარი გამოუყო საპატრიარქოს, ხოლო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით, დამატებით ოთხ რელიგიურ გაერთიანებას ჯამში 3,5 მილიონი ლარი გადასცა.  არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანია მთავრობის მიერ რელიგიური ჯგუფების შერჩევისა (მათ შორის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ამ სიიდან გამორიცხვის) და კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმები.

 

რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები

ანგარიშის თანახმად, TDI-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარისხი უმჯობესდება. 

წლის განმავლობაში გენერალურმა პროკურატურამ რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულისთვის ხუთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 16 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი მამაკაცის მიმართ იეჰოვას მოწმე ქალის გაუპატიურებისა და „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის” ბრალდებასთან დაკავშირებით და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სახალხო დამცველის ოფისმა წლის განმავლობაში აწარმოა ექვსი საჩივარი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციასთან თუ შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებით. 

ერთ-ერთი შეეხებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, 12 იანვარს მომხდარ კონფლიქტს, როდესაც ქრისტიანთა ჯგუფი თავს დაესხა ორ არასრულწლოვან მუსლიმ ბიჭს და მათ ფიზიკური ზიანი მიაყენა. ინციდენტი სავარაუდოდ მოხდა მაშინ, როდესაც ახალგაზრდები მიდიოდნენ ან უკვე ბრუნდებოდნენ ლოცვიდან, რომელიც ადგილობრივ საცხოვრებელ ბინაში ტარდებოდა ხოლმე. მუსლიმებზე თავდასხმას მოჰყვა ადგილობრივების პროტესტი, რაც ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიცია საქმეში ჩაერთო, ხოლო რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენელმა, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ მუსლიმი თემის უფლებები დაცულია. აღნიშნული განცხადება სადავო გახდა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლისთვის. 


 

სიძულვილის ენა

საანგარიშო პერიოდში აქტუალური იყო სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები, მათ შორის, ალტ-ინფოს მიერ, რომელიც ანტითურქულ და ანტიისლამურ განცხადებებს ავრცელებდა. 2020 წელთან შედარებით (30 განცხადება) საგრძნობლად გაიზარდა რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული განცხადებების რაოდენობა. 2021 წელს მედიის განვითარების ფონდმა (MDF) რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის 117 განცხადება აღრიცხა, რომლებიც ტელევიზიით, ონლაინ სივრცესა და ბეჭდურ მედიაში ვრცელდებოდა. განცხადებების ავტორები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. 

სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პრობლემური იყო “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენლის განცხადებები სოფელ ბუკნარში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც აღწერილი იყო, როგორც “ქართველებსა და მუსლიმებს შორის” არსებული დაპირისპირება. 

 

საეკლესიო ანტისემიტიზმი

ანგარიშში საუბარია საეკლესიო ანტისემიტიზმის შემთხვევებზეც. TDI-ს განცხადებაზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ 2021 წლის 4 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის  პოზიციის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში ასევე გააკეთა ანტისემიტური განცხადებები ებრაელების მიერ ბანკების ფლობასა და მედიის კონტროლზე. (შენიშვნა: აღნიშნული განცხადება მოჰყვა 2020 წლის 20 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას, რომელიც TDI-მ საჯაროდ დაგმო და საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება მოსთხოვა). 1 იანვარს, იოანე გამრეკელმა განაცხადა, რომ TDI მიზანმიმართულად ცდილობდა ქართულ-ებრაული ურთიერთობების დაზიანებას. 8 იანვარს, საპატრიარქომ გამოაქვეყნა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ დეკანოზ კარკაძის განცხადებები ანტისემიტური შინაარსის იყო.  

 

რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები კვლავინდებურად ვერ ახერხებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას და მსახურების ჩატარებას. იეჰოვას მოწმეებს ისევ ექმნებოდათ პრობლემები დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან.

მართლმადიდებელი მღვდელი და თვითგამოცხადებული აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, ბესარიონ აპლია, განაგრძობდა მოწოდებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის შესახებ. 12 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქომ აპლია თბილისში დიალოგზე მოიწვია, თუმცა აპლიამ აფხაზურ ტელევიზიას განუცხადა, რომ „საკითხი თბილისში კი არ არის გადაწყვეტილი, არამედ მოსკოვში, ასე რომ, მოდით, იქ დავბრუნდეთ და ვისაუბროთ“.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები კვლავ ვერ ახერხებდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრებას და იქ საეკლესიო მსახურების ჩატარებას, მათ შორის, გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა შობისა და აღდგომის დღესასწაულებზე ვერ შეძლეს აფხაზეთიდან თბილისში გამგზავრება, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, ენგურის პუნქტის დაკეტვის გამო. თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაგრძო გადაადგილების შეზღუდვა და მოსახლეობის დაკავება და დაჯარიმება „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“. 

 


ფოტო