ხელისუფლება აგრძელებს დისკრიმინაციული სამხედრო კანონმდებლობის განხილვას
როგორც ცნობილია, პარლამენტში განიხილება „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიმდინარე წლის 4 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით 12 ივლისს მიიღო. ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები რამდენიმე პრობლემურ საკითხს შეიცავს, რაც არღვევს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ პრინციპებს. ამავდროულად, ხელისუფლება ამკვიდრებს ახალ ტერმინებს, რითაც რელიგიური გაერთიანებების საშიშ და საგანგაშო კლასიფიკაციას ახდენს.
1. დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით
ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონის ცვლილება ითვალისწინებს, ისაა, რომ სასულიერო პირებს აღარ ექნებათ უფლება, გადაივადონ სამხედრო სამსახური (გათავისუფლდნენ მისგან). სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, მათ შეეძლებათ ალტერნატიული, არასამხედრო შრომითი სამსახურის გავლა. თუმცა ეს ვალდებულება გავრცელდება ყველა რელიგიური გაერთიანების სასულიერო პირზე, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა, რომლებიც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე თავისუფლდებიან ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისგან.
ვრცლად თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ დისკრიმინაციაზე იხილეთ TDI-ს შეფასება
2. აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების იძულება
პრობლემურ და, უფლებრივი თვალსაზრისით, დამაზიანებელ ფორმულირებას შეიცავს საქართველოს კანონის პროექტის - “თავდაცვის კოდექსის” 96-ე მუხლიც. ამ მუხლის მე-5 პუნქტის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება ინფორმაცია პირის აღმსარებლობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია ვრცელდება არა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გააჩნიათ სამხედრო სამსახურთან, არამედ, ყველა პირზე, ვინც ირიცხება სამობილიზაციო რეზერვში, ანუ, ყველა პირი 18-დან 60 წლამდე.
ადამიანის იძულება/დავალდებულება, გაამჟღავნოს თავისი რელიგია/აღმსარებლობა, წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (მაგალითად, საქმეები Sinan Işık v. Turkey, 2010 (§ 37) და Mockutė v. Lithuania, 2018 (§ 117)), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ აღმსარებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დაცვა არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მსგავსად, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებაც მოიცავს არა მხოლოდ ადამიანის აღმსარებლობის თავისუფლებას, არამედ უფლებას, არ გაამჟღავნოს მისი შინაარსი, თუ ამისთვის აუცილებელი საფუძვლები არ არსებობს.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, პირის რელიგიური მრწამსის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია და მისი შეგროვება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებშია დასაშვები. ხოლო სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვისას ამ მონაცემის შეგროვება, რასაც თავდაცვის კოდექსის პროექტი ითვალისწინებს, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე ლეგიტიმურ მიზანს.
მიგვაჩნია, რომ “თავდაცვის კოდექსის” პროექტი 96-ე მუხლში შემოთავაზებული რედაქცია ემსახურება სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის არამიზნობრივად შეგროვებას, ლახავს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და საქართველოს კონსტიტუციით დაწესებულ სტანდარტს.
3. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა
კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით პარლამენტში ასევე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. კერძოდ, ცვლილება გულისხმობს საპროცესო კოდექსისათვის ახალი თავის დამატებას, რომლითაც მოწესრიგდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე (ჩარიცხვაზე) უარის თქმასთან დაკავშირებული საქმეების სასამართლოში განხილვა. პარლამენტი ამ ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.
პროექტით შემოთავაზებული პროცედურის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, გაწვევა შეჩერდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.ი. დაახლოებით ერთი თვით. ხოლო თუ პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ პირმა უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური, ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
საკითხის ამგვარი რეგულირება პრობლემურია როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის თვალსაზრისით, ისე საპროცესო სამართლის ლოგიკის კუთხით. კერძოდ, შემოთავაზებული რეგულაციის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე (ე.ი. ზემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე), რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტსა და საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ ინსტიტუტს - სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოს მიერვე, სულ მცირე, ერთხელ გადასინჯვის შესაძლებლობას.
კერძოდ, პროექტით დაშვებული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობა საერთოდ აზრს კარგავს, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება გამოიწვევს პირის სამხედრო სამსახურში გაწვევას, რაც, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით, შეიძლება, იმასაც ნიშნავდეს, რომ, საქმის მოგების შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, პირს უკვე გავლილი ექნება სამხედრო სამსახური. ამასთან, პირისთვის, რომელიც უკვე შეუდგა სამხედრო სამსახურის გავლას, გაცილებით რთული იქნება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საქმის განხილვისთვის მომზადება და მასში მონაწილეობა.
კანონპროექტის ერთ-ერთ ლეგიტიმურ საჯარო მიზნად ასევე დასახელებულია სასამართლოს გადატვირთვის პრევენცია, რაც ვერ იქნება მიღწეული შემოთავაზებული რეგულაციებით, რადგან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებისა და ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე (ჩარიცხვაზე) უარის კანონიერება, შეიძლება, სადავო გახდეს სამივე ინსტანციის სასამართლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხებზე სასამართლოში იმავე რაოდენობის საქმე, შეიძლება, შევიდეს, რამდენიც ამ რეგულაციების ამოქმედების გარეშე, შეიძლებოდა, შესულიყო.
4. რელიგიის თავისუფლებისათვის საფრთხის შემცველი ტერმინოლოგია
გარდა ზემოაღნიშნულისა, თავდაცვის კოდექსისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პროექტების განმარტებით ბარათებში მოცემული დასაბუთება რელიგიური გაერთიანებების მიმართ საგანგაშო მიდგომას ამჟღავნებს. კერძოდ, განმარტებით ბარათებში წერია, რომ ამ ახალი კანონმდებლობით “აღმოიფხვრება არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობა, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას (ე.წ. „მღვდელმთმსახურის“ სერთიფიკატების საშუალებით)”.
აღნიშნული არგუმენტაცია ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ერევა იმის გადაწყვეტაში, თუ რომელი რელიგიური ორგანიზაციაა ფიქტიური და რომელი - ნამდვილი. ამის განმარტება არ არის და არც შეიძლება იყოს სახელმწიფოს კომპეტენცია. ამგვარ პრაქტიკას, როგორც წესი, ავტორიტარული სახელმწიფოები მიმართავენ, რომლებიც რელიგიური გაერთიანებების (განსაკუთრებით კი, რელიგიური უმცირესობების) ტოტალურ კონტროლსა და მათ დევნას ცდილობენ. სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მანდატის მითვისება და ე.წ. “ფიქტიურ და არაკეთილსინდისიერ” რელიგიურ გაერთიანებებთან დაპირისპირება საგანგაშო პერსპექტივას სახავს საქართველოში არსებული ყველა არადომინანტი რელიგიური გაერთიანებისათვის, მათი ავტონომიისათვის, ყველა მათი წევრის რელიგიის თავისუფლებისათვის.
მართალია, აღნიშნული ტერმინოლოგია უშუალოდ კანონების ტექსტებში არ წერია, არამედ მხოლოდ წარმოდგენილი კანონპროექტების განმარტებით ბარათებშია მოცემული, მაგრამ საგანგაშოა ამ ტერმინოლოგიის სამართლებრივ და საკანონმდებლო სივრცეში, სამართლებრივ არგუმენტაციაში, კერძოდ, კანონის მიღების დასაბუთებისათვის გამოყენების ფაქტი. კანონის განმარტებითი ბარათი არ არის კანონი, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იგი შეიძლება, გამოყენებული იქნას კანონის განმარტებისას კანონმდებლის ნების გასარკვევად (იხ., მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის N1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ამავდროულად, წარმოდგენილი კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოებიც სწორედ იმის განსჯას დაიწყებენ, თუ რომელი არის “ნამდვილი” და “კეთილსინდისიერი” რელიგიური გაერთიანება და რომელი არა.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კანონპროექტის ინიცირების დღიდან აქტიურად ითხოვს მასში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრას. TDI კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას კანონპროექტების დღეს არსებული ფორმით მიღება, ვინაიდან ეს გამოიწვევს თანასწორობის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას. ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს რელიგიური ორგანიზაციების კლასიფიკაცია სხვადასხვა ბუნდოვანი და დისკრიმინაციული ნიშნით.
ფოტო: Areporter