ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2418

TDI-სა და ოსლოს უნივერსიტეტის ორთვიანი კურსი წარმატებით დასრულდა

11-15 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ერთობლივი საერთაშორისო-სასერტიფიკატო კურსის “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის” დასკვნითი, ორი ორდღიანი სემინარი. 

სემინარებს უძღვებოდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის, საერთაშორისო გამოცემა Forum 18-სა და TDI-ს წამყვანი ექსპერტები. 

40-მდე მონაწილეს TDI-სა და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ერთობლივი სერტიფიკატები გადაეცა. კურსში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა პროფესიის, მათ შორის არასამთავრობო, რელიგიური, სათემო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

კურსი დაიწყო 2024 წლის 7 მაისს და მოიცავდა ხუთ ყოველკვირეულ ონლაინ სემინარსა და დასკვნით ორდღიან სემინარებს ფიზიკურ სივრცეში. 

კურსის ფარგლებში მონაწილეებთან და ექსპერტებთან ერთად მიმოვიხილეთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თეორიული საფუძვლები; ამ უფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარატები და მექანიზმები; ადგილობრივი კანონმდებლობა, სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოსა და მის მიღმა, სხვა უფლებებთან მიმართება და გავრცელებული არასწორი წარმოდგენები თუ სტერეოტიპები; სახელმწიფოსა და რელიგიური ინსტიტუტების ურთიერთობის მოდელები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საფუძვლები სხვადასხვა რელიგიაში; საქართველოსა და მსოფლიოში რელიგიური ტოლერანტობის მაგალითები, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” კანონმდებლობა და მისი შეუსაბამობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან, ასევე არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის სისტემატური შემთხვევები და საქართველოში ანალოგიური უცხოური გავლენის აგენტების კანონის მოსალოდნელი შედეგები და საფრთხეები. 

ეს არის საქართველოში პირველი სასწავლო-სასერტიფიკატო საერთაშორისო კურსი, რომელიც TDI-მ პირველად წარმატებით ჩაატარა 2023 წელს ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან ერთად და იგი განგრძობით თანამშრომლობას გულისხმობს. 

 

კურსი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.