ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/2021

რელიგიური ორგანიზაციების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

20 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა რელიგიური ორგანიზაციის კონსტიტუციური სარჩელის განხილვის განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა. სასამართლომ საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

2019 წელს რელიგიურმა ორგანიზაციებმა სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო  სასამართალოს და მოითხოვეს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის პრინციპს.

აღნიშნული ნორმები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს არ აძლევს უფლებას: 1. გახდნენ სახელმწიფო ქონების შემძენნი; 2. საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სასყიდლით და უსასყიდლოდ; 3. სახელმწიფოსაგან მიიღოს ქონება ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის (გაცვლის) სანაცვლოდ. კერძო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კი ეზღუდებათ უფლება, უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

კანონი ყველა ამ უფლებით სარგებლობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უშვებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გართიანებების სარჩელი, დაადგინა დისკრიმინაცია და არაკონსტიტუციურად ცნო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6³ მუხლის 1-ლი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ “[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. [...] დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას”.

რელიგიური გაერთიანების ინტერესებს სასამართლოში იცავენ  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა.

TDI სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

 

 

 

[1] სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“; ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“; სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“; სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური უნიონი“;  ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“;  სსიპ „საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია“; სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“; სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“; სსიპ „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია“.