
მარიამ ღავთაძემ მონაწილეობა მიიღო რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობის მესამე მინისტერიალში
16-17 ნოემბერს მესამედ ჩატარდა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ხელშეწყობის მინისტერიალი. წლევანდელი ღონისძიება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და პოლონეთის მთავრობის ერთობლივი ორგანიზებით ვირტუალურად გაიმართა.
17 ნოემბერს მინისტერიალის ერთ-ერთი სესია რელიგიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების ურთიერთკავშირის საკითხებს დაეთმო. სესიაზე TDI-ს გამგეობის წევრმა, მაკო ღავთაძემ, ეუთოს რელიგიის თავისუფლების ექსპერტთა პანელის წევრის რანგში ისაუბრა. მისი მოხსენება შეეხებოდა რელიგიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების კონტექსტში რელიგიური დანიშნულების ადგილების თვალთვალს, მონიტორინგს და ჩხრეკას, რაც ხშირად, შესაძლოა გამოყენებული იყოს რელიგიის თავისუფლების და რელიგიური ჯგუფების ავტონომიურობის შეზღუდვის ინსტრუმენტად.
რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი პირველად 2018 წელს ჩატარდა. მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა. ღონისძიება მასპინძლობს სხვადასხვა სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.