ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2420

ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

17 ივნისს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულმა მკვლევრებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგნენ ახალგაზრდა მკვლევრები: თინათინ მაგრაქველიძე, ელის ბაქრაძე, რატი ტყემალაძე და დაჩი ხონელიძე.

თინათინ მაგრაქველიძის საკვლევი თემა რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და დაბეგვრის საკითხებს შეეხება 1953-1964 წლებში, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში.  ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სერგო რატიანი.

ამონარიდი მისი კვლევის შუალედური მიგნებებიდან:

“ხრუშჩოვის ანტირელიგიური პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი იყო საგადასახადო პოლიტიკის გამკაცრება რელიგიური ინსტიტუტების მიმართ. სსრკ მინისტრთა საბჭოს 1958 წლის ბრძანებულებით მართლმადიდებელი ეკლესიის შემოწირულებებზე, ქონებასა და დაფინანსების სხვა წყაროებზე დაწესდა მნიშვნელოვანი გადასახადები. იბეგრებოდა შემოსავალი, რომელსაც ეკლესია იღებდა მრევლის შემოწირულებებიდან, რელიგიური ლიტერატურის გაყიდვებიდან და ისეთი რიტუალებისთვის, როგორიცაა ნათლობა და ქორწილი. საგადასახადო პროცესს უძღვებოდნენ რაიონული აღმასკომის განყოფილების ფინანსური გამგეები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულთან. მძიმე გადასახადების, მკაცრი ფინანსური კონტროლისა და აქტივების კონფისკაციის გზით, საბჭოთა მთავრობამ ხრუშჩოვის მმართველობის დროს მკაცრად შეზღუდა რელიგიური საქმიანობა".

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ელის ბაქრაძე, სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში იკვლევს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური სომხების თემში (პოსტ-საბჭოთა საქართველოს რელიგიური ტრანსფორმაციის კონტექსტში). ელის ბაქრაძემ საკვლევად, ჯავახეთის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოსპიო აირჩია. ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფიო ზვიადაძე.

პრეზენტაციაზე მის მიერ წარდგენილი შუალედური შედეგების მოკლე შეჯამება:

,,სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ხოსპიოში, რელიგიის მხრივ, დაფიქსირებული დინამიკა, მულტირელიგიურ სივრცეში თანაცხოვრებასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და სირთულეების გააზრებაში გვეხმარება. ერთი მხრივ, თანაცხოვრების პოზიტიური გამოცდილება, კეთილმეზობლური ურთიერთობები, საერთო რელიგიური დღესასწაულები, მომლოცველობის საზიარო პრაქტიკები და შერეული ოჯახების შექმნის მაგალითები, რელიგიური სოლიდარობის წარმოქმნასა და თანაცხოვრების პოტენციალზე მიუთითებს. მეორე მხრივ, სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა, დომინანტური დისკურსის მიერ რელიგიური უმცირესობების მარგინალიზება, მუსლიმი მესხების კულტურის წაშლის მცდელობები, შეუწყნარებლობის და მიუღებლობის პრეცენდენტები, სამცხე-ჯავახეთის რელიგიური მრავალფეროვნებისთვის საფრთხეს ქმნის. კვლევა ცხადყოფს, რომ რელიგიური ტოლერანტობისა და თანაარსებობის მითის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში რელიგიური შეუწყნარებლობისა და დაძაბულობის არაერთი ფაქტი ფიქსირდება."

TDI-ს კონკურსის კიდევ ორი მკვლევარი, რატი ტყემალაძე და დაჩი ხონელიძე რელიგიის თავისუფლებისა და ეროვნულობის საკითხს იკვლევენ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში 1892-1917 წლებში. ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფიო ზვიადაძე.

მათი კვლევის შუალედური შედეგების მიხედვით, “ამ პერიოდში სოციალ-დემოკრატიული, ეროვნულ დემოკრატიული და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიებს შორის არ მიმდინარეობდა დისკუსია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ან რელიგიის შესახებ. ნოე ჟორდანია და სოციალ-დემოკრატები, აღნიშნული დროის მონაკვეთში, ეროვნულ საკითხს ეკონომიკური ურთიერთობების ნიადაგიდან აღმოცენებულ ერთობად განიხილავენ. სოციალისტ-ფედერალისტები აცნობიერებენ ეკონომიკური თანასწორობის მნიშვნელობას, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეროვნული თავისუფლების გარეშე, შეუძლებელია სრული თანასწორობის მიღწევა და სოციალ-დემოკრატებს ადანაშაულებდნენ საქართველოს ინტერესების უგულებელყოფაში”.

პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო. TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია.