ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/2402

ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი პროექტების შუალედური ანგარიში საქართველოს უნივერსიტეტში

28 ივნისს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულმა მკვლევრებმა, საქართველოს უნივერსიტეტში შუალედური შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე მოხსენებებით წარდგნენ მკვლევრები: ელენე ჯაჯანიძე, ქეთევან გეგიაძე, თამთა კონჯარია და ნანა სარალიშვილი.

ელენე ჯაჯანიძის კვლევა მასწავლებელთა მომზადების პროგრამის სტუდენტების რელიგიური/ინტერრელიგიური კომპეტენციების შესწავლას ისახავს მიზნად. ხელმძღვანელი: ტატიანა კოპალეიშვილი, ლიუვენის ევანგელური თეოლოგიური ფაკულტეტის აფილირებული მკვლევარი.

ამონარიდი ელენე ჯაჯანიძის კვლევის შუალედური მიგნებებიდან:

"რელიგიური თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების კრიტიკა სადისკუსიოდ უხერხული თემა აღმოჩნდა როგორც რელიგიური უმრავლესობის, ისე უმცირესობისათვის. უმრავლესობის მხრიდან რელიგიური თანასწორობის კრიტიკული შეფასების ძირითადი ხაზი ამოდის უმრავლესობის პერსპექტივიდან, რაც, თავის მხრივ, აბუნდოვანებს რელიგიური უმცირესობებისადმი თანასწორად და სამართლიანად მოპყრობის რეალურ სურათს. უმცირესობის მხრიდანაც, თანასწორად მოპყრობის თვალსაზრისით, კრიტიკა ხმადაბალია. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გამოკითხულთა არცერთი მხარე რეალურად არ ცნობს, ვერ იაზრებს და არ იზიარებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვის აუცილებლობას.”

ქეთევან გეგიაძე TDI-ს ახალგაზრდა მკვლევრების სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში იკვლევს ე.წ. “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან” დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და გამოხატვის თავისუფლებას ქართულ კანონმდებლობაში. ხელმძღვანელი: არჩილ მეტრეველი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

პრეზენტაციაზე მის მიერ წარდგენილი შუალედური შედეგების მოკლე შეჯამება:

“დადგინდა რომ რელიგიური გრძნობები, როგორც ასეთი სამართლებრივი კონცეფცია უკიდურესად პრობლემურია მისი ინდივიდუალური და სენტიმენტალური ხასიათიდან გამომდინარე. ასევე გამოიკვეთა სახელმწიფოსა და სასამართლოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქართული საკანონმდებლო ჩანაწერების გამოყენების მიმართ, მაშინ როცა საქმე ეხება მართლმადიდებელთა “რელიგიურ გრძნობებს” და პირიქით, როცა საქმე ეხება რელიგიურ უმცირესობებს. კვლევისას გამოვლინდა, რომ განხილული საკანონმდებლო ინიციატივების მიზანი რეალურად არა სხვადასხვა ან თუნდაც მართლმადიდებელი მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისგან დაცვაა, არამედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტური პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარება”.

თამთა კონჯარიას და ნანა სარალიშვილის საკვლევი თემა შეეხება “ოსმალოს საქართველოს” შემოერთების საკითხს და მის გავლენას მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესზე (რელიგიური მრავალფეროვნების კონტექსტის გათვალისწინებით).

ამონარიდი მათ მიერ წარდგენილი პრეზენტაციიდან:

“რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878 ) დასრულების შემდეგ “ოსმალოს საქართველოს” შემოერთებისა და ინტეგრაციის საკითხი დიდ გამოწვევად იქცა არა მხოლოდ საქართველოს იმ მხარისათვის, რომელიც იმ დროს ცარისტული რუსეთის შემადგენლობაში იყო, არამედ აჭარელი მუსლიმებისთვისაც. ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიის პოლიტიკა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რაც ასევე აისახებოდა ამ ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების პირობებზე. რამდენადაც ამ პერიოდის პუბლიკაციები, როგორც აჭარაში ასევე თბილისის გუბერნიაში, აჭარის შემოერთებისა და საერთო ეროვნულ სურათში ინტეგრაციისთვის აქტიურად ამზადებდნენ ნიადაგს, ამდენად, რუსეთის იმპერია ამ პერიოდში აქტიურად ახალისებდა მოსაზღვრე რეგიონებიდან მუსლიმების გადასახლებას და ხელს უწყობდა გაქრისტიანების პოლიტიკას. სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლებიც ინტეგრაციის პროცესში წარმოიშვა, გადაჯაჭვულია რელიგიურ იდენტობასა და იმპერიის პოლიტიკურ ინტერესებთან. ახლად შემოერთებულ აჭარაში გააქტიურდა მიგრაციული პოლიტიკა და მოსახლეობის უმრავლესობა თუ არა, უმეტესი ნაწილი, საკუთარ სახლ-კარს ტოვებდა და მიდიოდა ოსმალეთში. “აგერ, აჭარაც. გზები მოფენილია გადამსახლებლებითა; სტოვებენ სახლ-კარს, მამულს და იმ ადგილს, საცა ისინი სიყრმით გაზდილან, რომელიც იმათთავის ძვირფასია”, წერს გაზეთ “დროებას” 1879 წლის ნომერში, ქართველი საზოგადო მოღვაწე სოლომონ ასლანიშვილი ბავრელი”.

TDI-ის პროექტის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე აკადემიური კვლევის ხელშეწყობა“ მიზანია მულტიდისციპლინური, აკადემიური ცოდნის შექმნა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ინტერრელიგიური ურთიერთობების შესახებ და მისი პოპულარიზაცია. პროექტის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.