სიახლეები
TDI
სექ/1408

TDI-მ "რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევის" პრეზენტაცია გამართა

2014 წლის 8 სექტემბერს  კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში“ გაიმართა პრეზენტაცია:  „რელიგიური დისკრიმინაციისა და კონსტიტუციური სეკულარიზმის კვლევა საქართველოში“. კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში რელიგიური დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პრაქტიკის ანალიზი; ასევე, სეკულარობის პრინციპებთან მიმართებით პოლიტიკოსების რიტორიკის შეფასება.


კვლევის ფარგლებში ჩაიწერა და დამუშავდა ინტერვიუები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან, გაანალიზდა საკანონმდებლო აქტები; საჯარო ინფორმაცია სასამართლოებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მთავარი პროკურატურიდან, საქართველოს მთავრობიდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან. 
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო პრაქტიკის პრობლემური სფეროები, მათ შორის: საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; სახელმწიფო ქონების პრივატიზების სფეროში რელიგიური გაერთიანებების დისკრიმინაცია;საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეულ სადავო საკულტო ნაგებობებზე საკუთრების უფლების დადგენა; რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე სამართლებრივი დევნის დაბალი მაჩვენებელი და ეფექტური რეაგირების ნაკლებობა;მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული წარმოება; რელიგიური ინდოქტრინაცია საჯარო სკოლებში; სახელმწიფოს ჩარევა რელიგიური ინსტიტუტების ავტონომიაში; მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიები.


კვლევა მოამზადა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო  პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო  საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების (მათ შორის, უზენაესი სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის), საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიური გაერთიანებებისა და მედიის წარმომადგენლები.