ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/1626

რელიგიური გაერთიანებების კონსტიტუციური სარჩელი

საქართველოში რეგისტრირებულმა ხუთმა რელიგიურმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც რელიგიურ უმცირესობათა გაერთიანებებებს დისკრიმინაციულ პირობებს უწესებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით უთანასწორო მდგომარებაში აყენებს.

მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.

რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, ექმნებათ დაბრკოლებები სხვადასხვა ფორმით სახელმწიფო ქონების მიღებისას (მაგალითად, გაცვლა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზება და სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღება), რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპსა ( მე-14 მუხლი) და საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებასთან (21-მუხლი).  

კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომლის თანახმადაც, რელიგიური ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ქონების შეძენა (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევისა) მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შეუძლიათ, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიას.

სარჩელით ასევე მოთხოვნილია იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელთა მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე რელიგიურ გაერთიანებებს არ შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების გზით შეძენა; ასევე, რელიგიურ გაერთიანებებს, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, ეზღუდებათ სახელმწიფოსგან ქონების გაცვლისა და საკუთრებაში მიღების უფლება.   

აღნიშნული ნორმების მოქმედების გამო, სსიპ რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციები დღემდე ვერ ახერხებენ მათ სარგებლობაში არსებული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. სახელმწიფო მათ რესტიტუციის ფარგლებშიც კი, ქონებას მხოლოდ სარგებლობის უფლებით გადასცემს.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეეზღუდება მისთვის კანონით უკვე მინიჭებული პრივილეგიები, ხოლო სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ უფლებებით, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.    

სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ:

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“

სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“

სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“

 

სარჩელი მომზადებულია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და TDI-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. 

TDI იურიდიული დახმარების კომპონენტს ახორციელებს "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.