ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/1628

რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში

28 ივლისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა პრესკონფერენცია საქართველოში რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებზე. TDI-ის წარმომადგენლებმა და ნიგერიის მოქალაქეებმა ისაუბრეს "საქართველოს ბანკის" მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებსა და რასობრივი ნიშნით ჩაგვრის სხვა შემთხვევებზე. გთავაზობთ, განხილული საკითხების ვრცელ მიმოხილვასა და სამართლებრივ შეფასებას. 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სწავლობს რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებს და ადამიანებს, რომლებიც ამ ნიშნით ჩაგვრას და უთანასწორო მოპყრობას განიცდიან, უწევს იურიდიულ დახმარებას.  

TDI-ს მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ საქართველოში რასობრივ დისკრიმინაციას ყველაზე ხშირად აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის სტუდენტები განიცდიან. ორგანიზაციას არაერთხელ მომართეს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა - ისინი საუბრობენ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, რასობრივი ნიშნით, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობისას, და ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ექმნებათ.

TDI-ის მიერ რასობრივ ჯგუფებში ჩატარებულმა კვლევამ სისტემურ პრობლემებს შორის, კომერციული ბანკის მხრიდან ნიგერიის მოქალაქეების სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი გამოავლინა.

2016 წლის აპრილში, TDI-ს მომართა ნიგერიის მოქალაქე სოლომონ ადებაიო ოკელეიმ მის წინააღმდეგ განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

ოკელეისა და სხვა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სს “საქართველოს ბანკი” (შემდგომში, „ბანკი“) საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას ისარგებლონ საბანკო და სამგზავრო ბარათებით. ამის გამო, ნიგერიის მოქალაქეები ვერ განკარგავენ საკუთარ ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, ექმნებათ გადაადგილების პრობლემა და ეზღუდებათ კანონით გარანტირებული სხვა უფლებები.

„საქართველოს ბანკი“ ექსკლუზიურად გასცემს ბარათს, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამგზავრო დანიშნულებით, ასევე, საბანკო მომსახურების მისაღებად. არც ერთ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კერძო სამართლის პირს, ამგვარი ბარათის გაცემა არ შეუძლია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე ვრცელდება სამგზავრო შეღავათები. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და მასზე მიბმული “სტუდენტური ბარათი”, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

საბანკო ანგარიშის გახსნა „საქართველოს ბანკში” ოკელეიმ 2016 წლის თებერვალში რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ბანკმა მას მომსახურების გაწევისთვის მოსთხოვა რეკომენდაციის წარდგენა აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის ან/და ევროკავშირის საბანკო დაწესებულებიდან. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ოკელეისთვის შეუძლებელი იყო, რადგან მას არ გააჩნდა არანაირი კავშირი ჩამოთვლილი ქვეყნების კომერციულ ბანკებთან.

TDI-მ ოკელეის მომართვისთანავე დაიწყო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა. ამავე საკითხზე, TDI-მ წერილობით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს და მიაწოდა ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, TDI-სთან კომუნიკაციის შემდეგ, მათ “საქართველოს ბანკს” მისცეს რეკომენდაცია სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრისა და პრობლემის სისტემურად მოგვარების შესახებ.

აღნიშნულ ფაქტზე TDI-ის რეაგირების შემდეგ, მაისში “საქართველოს ბანკი” დაუკავშირდა TDI-ს და აცნობა, რომ სოლომონ ოკელეის და ასევე ნიგერიის ათ მოქალაქეს შეეძლოთ სტუდენტური ბარათების აღება. როგორც აღმოჩნდა, ბანკმა სტუდენტებს გაუხსნა ანგარიშები, რომლებზეც ტრანზაქციები დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. აქედან გამომდინარე, პრობლემა მოგვარდა არა სტრატეგიულად, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული პირებისთვის, რომელთა ინტერესებსაც TDI იცავდა. გარდა ამისა, ნიგერიის მოქალაქეებისთვის კვლავ პრობლემად რჩება საბანკო ანგარიშის სხვა ვალუტაში გახსნა და გამოყენება.

TDI-მ წერილობით მიმართა “საქართველოს ბანკს”, სადაც უთანასწორო მოპყრობის საფუძვლების განმარტება და შემდგომში, ბანკის მიერ აღნიშნული პრობლემის პრევენციისა და სისტემურად მოგვარებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვა.

2016 წლის 18 მაისის წერილით, “საქართველოს ბანკმა” TDI-ს აცნობა, რომ ნიგერიის მოქალაქეები მაღალი რისკის კლიენტებად განიხილებიან, რადგან ნიგერიელი ფიზიკური პირების მიერ სტუდენტური ბარათების გამოყენება ხშირად არ უკავშირდება სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული საფასურის გადახდას. ბანკის ცნობით, საქართველოში იყო შემთხვევები, როდესაც ნიგერიელი ფიზიკური პირები დაკავებულები იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და გასაღების ბრალდებით.  აქედან გამომდინარე, ანგარიშის გახსნისას ბანკი სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული კომერციული ბანკებიდან. ამ დოკუმენტაციის არქონის შემთხვევაში კი, უარს ამბობს ანგარიშის გახსნაზე. ბანკის ცნობით, საქმის გარემოების გათვალისწინებით, იგი მუშაობს ახალი ტიპის პროდუქტზე, რომელიც საშუალებას მისცემს უცხოელ სტუდენტებს ისარგებლონ სტუდენტური ბარათებით მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ბანკის მოთხოვნა, სადაც ანგარიშის გახსნისას სავალდებულო კრიტერიუმად აწესებს რეკომენდაციების წარდგენას აშშ-ში, ევროპაში, კანადაში ან ავსტრალიაში რეგისტრირებული ქვეყნების კომერციული ბანკებიდან, პირდაპირ არის დაკავშირებული სავარაუდო დისკრიმინაციულ მოტივთან და ნიგერიის მოქალაქეების ეროვნულ/მოქალაქეობრივ კუთვნილებასთან. დაუშვებელია, რომ ერთი პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედება შეერაცხოს ყველა იმ პირს, რომელიც წარმოადგენს იგივე ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფს. მიუხედავად ბანკის ვალდებულებისა, შეაფასოს საკუთარ კლიენტთან არსებული რისკები, პირთა მოქალაქეობრივი ან/და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია არის გაუმართლებელი და არღვევს კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებებს.

TDI მიიჩმევს, რომ ბანკის აღნიშნული პრაქტიკა არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს.

ამა წლის 21 ივლისს, TDI-მ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს თხოვნით, განაგრძოს საქმის წარმოება მოცემულ საქმეზე და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი მექანიზმი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად, მათ შორის, მიმართოს შესაბამისი რეკომენდაციით „საქართველოს ბანკს“.

TDI მოუწოდებს სს “საქართველოს ბანკს”, მიიღოს ეფექტური ზომები საქართველოში მცხოვრები ნიგერიის მოქალაქეების სავარაუდო დისკრიმინაციის პრობლემის მოსაგვარებლად.  ამასთან, TDI განაგრძობს პროცესის მონიტორინგსა და ბენეფიციართა ინტერესების დაცვას, რისთვისაც მიმართავს ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს.

კონკრეტული პრობლემის გარდა, რასობრივ საკითხებზე TDI-ს მუშაობის პროცესში ასევე გამოვლინდა, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა დისკრიმინაციულია, რაც ზოგჯერ   ბინადრობის ნაბართვის გაცემაზე დაუსაბუთებელ უარში გამოიხატება. საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ბინადრობის ნებართვის გაცემის ან განახლებისას, აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებს ხშირად უარს ეუბნებიან იმ არგუმენტით, რომ ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ეროვნული ინტერესებისთვის. ერთ-ერთი ასეთი პირის ინტერესებს ამჟამად, TDI სასამართლოში იცავს.

მსგავს შემთხვევებში, პირისთვის დოკუმენტაციის გაუცემლობის ფორმალური მიზეზი როგორც წესი, სავარაუდოდ, უკანონოა და რომელიმე ძალოვანი უწყების დასკვნას/რეკომენდაციას ეყრდნობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

ზოგადად, უცხოელთა საქართველოში ყოფნისა და ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები ბოლო წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც უკავშირდება, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბევრ უცხოელს სირთულეები შეექმნა საქართველოში ცხოვრების, სწავლისა და მუშაობის პროცესში.

უნდა აღინიშნოს, რომ რასობრივი ნიშნით ძალადობის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ქონების დაზიანების, ყაჩაღობის და სხვა შემთხვევებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არაეფექტური და არაადეკვატურია.

რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია ასევე ხშირია საგანამანთლებლო დაწესებულებებში, ქალაქის ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში არსებულ რასისტულ განწყობებსა და სტერეოტიპებს, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან ხშირი ქსენოფობიური და დისკრიმინაციული რიტორიკაც ახალისებს. ამგვარი გამოხატვა ხელს უწყობს შეუწყნარებლობაზე დაფუძნებული სიძულვილის ლეგიტიმაციას, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას.

 

TDI იურიდიულ დახმარებასა და სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). ის არ ასახავს USAID, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

 

ფოტო:ნეტგაზეთი