სიახლეები
TDI
ოქტ/1711

TDI-ის ვიზიტი მარნეულში

10 ოქტომბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომლები მარნეულში ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტი პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში შედგა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) მიერ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

შეხვედრების მიზანია ადგილობრივი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისათვის აღნიშნული პროექტის გაცნობა, იურიდიული დახმარების შეთავაზება, ქვემო ქართლში რელიგიური და ეთნიკური კუთხით არსებული საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი.

შეხვედრაზე, რომელიც მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, საუბარი შეეხო ქვემო ქართლში ეთნიკური და რელიგიური კუთხით არსებულ გამოწვევებს, საჯარო სამსახურში, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა მონაწილეობის დაბალ მაჩვენებელს,  რეგიონში არსებულ სოციალურ პრობლემებს და სხვა.

TDI-ის წარმომადგენლები ასევე იმყოფებოდნენ მარნეულში არსებულ იმამ ალის მეჩეთში და შეხვდნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელმძღვანელს მირტაგ ასადოვს. მისი თქმით, რაიონში მხოლოდ ორი მეჩეთი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სალოცავად საკმარის სივრცეს ვერ უზრუნველყოფს.

მეჩეთში შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი მუსლიმი ქალები, რომლებიც ახალგაზრდებს ასწავლიან ისლამურ რელიგიას, ახორციელებენ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს და აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო და რელიგიურ ცხოვრებაში.