სიახლეები
TDI
აპრ/1905

TDI-ის ანგარიში: რასობრივი შეუწყნარებლობა და უცხოელების უფლებები

5 აპრილს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საქართველოში რასობრივ შეუწყნარებლობასა და ქსენოფობიას, ასევე, უცხოელთა უფლებრივ მდგომარეობას მიმოიხილავს.

 

                                                                                            

ანგარიში მიმოიხილავს, ძირითადად, 2014-2018 წლებში რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულებისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ უფლებების დარღვევის ფაქტების რაოდენობრივი და თვისებრივი მაჩვენებლები გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან, სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილებასთან მიმართებით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების მიზნით, TDI-მ შეისწავლა და დაამუშავა სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები 2012-2017 წლებში კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების; 2014-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასა და თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის  შესახებ.

ანგარიში მიმოიხილავს შემდეგ საკითხებს: რასიზმი და საზოგადოებრივი განწყობები, რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციისა და დანაშაულების შემთხვევები და სტატისტიკა, უცხოელების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა საბანკო მომსახურების სფეროში, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხი და დაბრკოლებები, სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების მიმართ, უცხოელების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა,  უცხოელებისათვის მიწის ყიდვის შეზღუდვა. სამართალწარმოების, ადვოკატირებისა და ანგარიშზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილ ძირითად პრობლემებზე TDI-იმ სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დეტალური რეკომენდაციებიც შესთავაზა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ, შსს-ს საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ დავითაშვილმა, შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მინდია დავითაძემ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებების სამმართველოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს ანგარიშში ასახულ და პრეზენტაციაზე განხილულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია გაუზიარეს.  

ანგარიში ხელმისაწვდომია ქართულად და ინგლისურად.    

ანგარიში მომზადებულია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. ანგარიში გამოიცა ღია საზოგადოების ფონდისა (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.