სიახლეები
TDI
სექ/1925

FCNM ანგარიში საქართველოზე: რელიგიის თავისუფლების საკითხების მიმოხილვა

ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) საკონსულტაციო კომიტეტმა საქართველოზე მესამე მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.  მონიტორინგის სისტემა აფასებს კონვენციის შესრულების ხარისხს წევრ ქვეყნებში. საკონსულტაციო კომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს უმცირესობათა უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.

2019 წლის ანგარიშში ასახულია საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები და შესაბამისი რეკომენდაციები. 

ანგარიშში მიმოხილულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემები, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ უმცირესობების საკითხების განხილვა უსაფრთხოების ჭრილში, ეროვნული უმცირესობების დაბალი პოლიტიკური ჩართულობა და სახელმწიფო სტრუქტურებში წარმომადგენლობა, ტერიტორიული ნიშნით პოლიტიკური პარტიების შექმნის ხელშეშლის უარყოფითი გავლენები, სკოლებში უმცირესობების ენებზე სწავლების ხარვეზები, უმცირესობათა ენებზე სამართლებრივ დოკუმენტებსა და კანონებზე წვდომის პრობლემა, უმცირესობათა ენებზე არსებული სახელმძღვანელოების ადაპტირებისა და მათი ეროვნულ სახელმწიფო მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხები, ასევე მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება კულტურული მრავალფეროვნებისადმი და საჯარო მოხელეების მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა და ქსენოფობიური რიტორიკა.  

საკონსულტაციო კომიტეტი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, მზარდი შეუწყნარებლობა საქართველოშიც ვლინდება. ამავე დროს,  საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საკუთარი შესაძლებლობები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ჩამოყალიბებით, რომელსაც ევალება სპეციფიკური დანაშაულების, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მონიტორინგი. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური უმცირესობები განიცდიან სტრუქტურულ დისკრიმინაციას სახელმწიფო დაფინანსებისა და საკულტო ნაგებობების აშენების პროცესში. ქონების რესტიტუციის საკითხი გადაუჭრელია, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები არ ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს. 

რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშში ასახულია შემდეგი საკითხები:  

 საკონსტიტუციო ცვლილებები (2017–2018)

კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს 2017–2018 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე. საბოლოოდ, ვენეციის კომისიის შეფასების შესაბამისად, პარლამენტმა გაიხმო ახლად შეტანილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციიდან. მანამდე არსებული ცვლილებებით შესაძლებელი ხდებოდა რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა “სახელმწიფო უსაფრთხოების”, “დანაშაულის თავიდან აცილებისა” და “მართლმსაჯულების განხორციელების” საფუძვლებით, რომლებიც  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–9 მუხლის გაგებით უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზანს არ წარმოადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას, ასევე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ითვალისწინებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმები დისკრიმინაციულია და მიიჩნია, რომ უთანასწორობის აღმოფხვრა შესაძლებელია პრივილეგიების ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე თანაბრად გავრცელებით ან ყველასათვის გაუქმებით, პარლამენტს კი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისათვის ვადა 31 დეკემბრამდე განუსაზღვრა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ეს ვადა ისე გაუშვა, რომ ცვლილებები არ განუხორციელებია.

საკონსულტაციო კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ, რომელიც პრივილეგიას და განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებს კონკრეტულ რელიგიურ გაერთიანებას, აუცილებელია შეინარჩუნოს ნეიტრალობა. საჭიროა, რომ სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც ჰქონდეთ ამ სტატუსზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა. საკონსულტაციო კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ გამჭვირვალე და ღია კონსულტაციების გზით, მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სრული აღსრულება. 

რელიგიური გაერთიანებების საკუთრებისა და საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხები 

კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საჭიროებაზე. საკონსულტაციო კომიტეტის თქმით,  პროცესი წინ არ მიიწევს და შენობების ისტორიული მესაკუთრეების დადგენა გადაუჭრელი საკითხია. არსებობს რისკი, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმამდე საკულტო ნაგებობების მდგომარეობა გაუარესდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ სახელმწიფოს შესთავაზა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, სამთავრობო კომისიის შექმნა, რათა შემუშავებულიყო საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სამოქმედო გეგმა. 

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ორგანიზაციებს ხშირად არ აქვთ რელიგიურ ნაგებობებზე წვდომის უფლება, შენობების ნაწილი კი რეგისტრირდება როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრება. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების ნაწილს ქონება გადაეცემა არა საკუთრების, არამედ მხოლოდ დროებითი სარგებლობის უფლებით.  

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან აწყდებიან ბარიერებს საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესშიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო

საკონსულტაციო კომიტეტი ხაზს უსვამს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მნიშვნელობას. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური გაერთიანებები უნდობლობას გამოხატავენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართ და ნდობას უცხადებენ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს. შესაბამისად, დადებითად უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი, ჰორიზონტალური პლატფორმის არსებობა, რომელშიც 33 რელიგიური ორგანიზაციაა გაერთიანებული. 

მუსლიმური ორგანიზაციების ავტონომიაში ჩარევა, კონტროლი და სახელმწიფო საზღვარზე მუსლიმთა უფლებების დარღვევა

კომიტეტი საუბრობს მუსლიმურ ორგანიზაციებზე სახელმწიფო კონტროლის გაზრდის ტენდენციაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღემდე გამოუძიებელია 2014 წელს  „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ყოფილი შეიხის, ვაგიფ აქპეროვის სავარაუდო იძულებით გადაყენების შემთხვევა.  შემაშფოთებელია „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხ მირტაგ ასადოვის დაპატიმრება გაურკვეველ ვითარებაში. ასევე საგანგაშოა თურქეთიდან მომავალი საქართველოს მუსლიმი მოქალქეებისთვის  ყურანის ჩამორთმევისა და მათი ხანგრძლივი დაყოვნების პრაქტიკა სახელმწიფო საზღვარზე. არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ სახელმწიფო პოლიტიკას პანკისის ხეობაშიც. მიუხედავად იმისა, რომ 2014–2020 წლის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრატეგიაში არსებობს შესაბამისი თავი რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია სისტემურ და აშკარა დისკრიმინაციასთან საბრძოლველად ეფექტიან გზებს არ გვთავაზობს.

სკოლებში არსებული არატოლერანტული და რელიგიურად არანეიტრალური გარემო 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემად რჩება საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის, პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის შემთხვევები. გამოვლენილია მოსწავლეებზე ფიზიკური ძალადობის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან იეჰოვას მოწმეების შევიწროების, მასწავლებლების მიერ რელიგიური დანიშნულების ნივთების სკოლის შენობაში გაყიდვის, ასევე იძულებითი კოლექტიური ლოცვის შემთხვევები. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს სკოლებში არსებულ გარემოსთან დაკავშირებით და განათლების სამინისტროს მოუწოდებს, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ნორმების აღსრულებისა და სკოლებში ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ სკოლის სახელმძღვანელოები სათანადოდ არ ასახავს კულტურულ, რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას და უმცირესობები ხშირად ნეგატიურ კონტექსტში არიან წარმოჩენილნი. ამიტომ, საჭიროა სახელმძღვანელოების ადაპტირება და სკოლებში მულტიკულტურული გარემოს ხელშეწყობა. 

კომიტეტი გამოყოფს საკითხებს, რომელთა დაუყოვნებლად შესრულებაა რეკომენდებული, მათ შორის: 

  • საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ჩატარება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ფოკუსით ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებზე;
  • სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სრულად  სარგებლობა;
  • 2018 წლის 3 ივლისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მხრივ გადაიხედოს საკანონმდებლო ნორმები და ადმინისტრაციული პრაქტიკა;
  • საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა იყოს გამჭვირვალე და ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე დაფუძნებული;
  • სახელმწიფომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პროცესი დისკრიმინაციის აკრძალვისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვით უნდა წარმართოს;
  • რეგულარული მონიტორინგი გაუწიოს სკოლებში პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის შემთხვევებს;
  • კულტურული მრავალფეროვნების ასახვისა და ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მოახდინოს სასკოლო სახელმძღვანელოების ადაპტირება, მათ შორის გააუმჯობესოს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე არსებული სახელმძღვანელოების ხარისხი.