სიახლეები
TDI
დეკ/1910

რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებული ტენდენციები

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეა. წარმოგიდგენთ მიმდინარე წელს, რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით არსებულ ძირითად ტენდენციებს:

2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების სარჩელებზე ორი პრეცენდენტული გადაწყვეტილება მიიღო: დისკრიმინაციულად მიიჩნია სახელმწიფო ქონების კანონის და საგადასახადო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს უთანასწორო პირობებში აყენებდა. საქართველოს პარლამენტმა არც 2019 წელს გამოხატა ნება, ცვლილებები შეეტანა კანონმდებლობაში და თანასწორი უფლებები მიენიჭებინა რელიგიური გაერთიანებებისათვის. იხილეთ ვრცლად. 

მიმდინარე წელს აქტიურად განიხილებოდა რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების საკითხი. კანონის ინიციატივას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და რელიგიური გაერთიანებების უმრავლესობა მიზანშეუწონლად მიიჩნევს, რადგან შეიცავს მაღალ რისკს, უფრო მეტად დისკრიმინაციული გარემო შეიქმნას რელიგიური გაერთიანებებისათვის და შეიზღუდოს მათი საქმიანობა და უფლებები. იხილეთ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს პოზიცია.

30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. ბათუმში მეჩეთის მშენებლობას ადგილობრივი მუსლიმები მრავალი წელია ცდილობენ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არაერთ ხელოვნურ დაბრკოლებასა და დისკრიმინაციას აწყდებიან. წაიკითხეთ სრულად

გადაუჭრელი დარჩა რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული ნაგებობების დაბრუნების საკითხი. სომეხთა სამოციქულო, კათოლიკე, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს, მუსლიმ და იუდეურ თემს კვლავაც არ დაბრუნებიათ ისტორიული ქონება. ამ კუთხით, სახელმწიფო პოლიტიკა არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციულია. დაუბრუნებელი რელიგიური ნაგებობების შესახებ იხილეთ.

თბილისში, აღმაშენებლის 38-ში მდებარე ისტორიულად სომხური “თანდოიანცის ეკლესიის” ბედი მიმდინარე წელსაც გადაუჭრელი დარჩა. 2017 სახელმწიფომ ნაგებობა საკუთრებაში გადასცა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ისე, რომ არ გამოიკვლია და შეაფასა ეკლესიის ისტორია და კონფესიური კუთვნილება. ვრცლად იხილეთ.

დადებითად უნდა შეფასდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა. დეპარტამენტი ზედამხედველობას უწევს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. შედეგად, გაუმჯობესდა გამოძიების ხარისხი და გაიზარდა მსგავსი ტიპის საქმეებზე მომუშავე გამომძიებლების კვალიფიკაცია. თუმცა, კვლავ პრობლემურია პროკურატურის მიერ დანაშაულის მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისა და დამნაშავეების მიმართ ბრალის წარდგენის საკითხი, ასევე სასამართლოს მიერ რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემის საკითხი.

2019 წლის ნოემბრის ჩათვლით, იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის ინფორმაციით, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩადენილია 20 დანაშაული. აქედან, 11 ფიზიკური ძალადობა, 5 - რელიგიური დანიშნულების ნაგებობების დაზიანება და ვანდალიზმი, 4 - რელიგიური მსახურებისათვის ხელშეშლა და რელიგიური ლიტერატურის დაზიანება.