ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/2127

სემინარები მიგრაციის საკითხებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან

24-25 მაისს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) პროექტის “მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში სემინარები ჩაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან მიგრაციასა და მიგრანტების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

TDI-სთან ერთად, ლექციებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რუსუდან ტუშური, დამოუკიდებელი ექსპერტი მიგრაციის საკითხებში, სოფო გელავა, ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიებების ლაბორატორიის მკვლევარი და ადვოკატი, შოთა თუთბერიძე;

სემინარზე მომხსენებლებმა ისაუბრეს მიგრაციისა და მიგრანტების საკითხების გაშუქების მედია სტანდარტებზე, ძირითად ტერმინებზე და სამართლებრივ რეგულირებაზე, მიმოიხილეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებული კონტექსტი მიგრაციასთან დაკავშირებით, გავრცელებული მითები და სტერეოტიპები, როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია და დავუპიროსპიროთ ალტერნატიული ნარატივები, რა საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მიგრაციის გაშუქებისას და როგორ წარმოვაჩინოთ ეს თემები ეთიკის სტანდარტების დაცვით. TDI-მ ასევე აჩვენა ამავე პროექტის ფარგლებში პარტნიორ მედიებთან მომზადებული მიგრანტების გაშუქების პოზიტიური მაგალითები.

პროექტის ფარგლებში, TDI-მ მოამზადა სახელმძღვანელო - გზამკვლევი მედიისა და ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის, მიგრაციისა და მიგრანტთა საკითხების გაშუქებაზე. გზამკვლევი სხვა თემებთან ერთად, მოიცავს შემდეგ საკითხებს: მიგრანტების უფლებები, მიგრაციის მართვაში მონაწილე მხარეები, აღნიშნული საკითხების ეთიკური, არადისკრიმინაციული და ინკლუზიური გაშუქება, მედიის თვითრეგულირება და ქცევის კოდექსი. 

სემინარები ასევე ჩატარდება ,,ფორმულას” მედია სკოლის სტუდენტებთან.

პროექტის ფარგლებში, ივნისში, ასევე ჩატარდება კონკურსი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მიგრაციის თემატიკის გაშუქებაზე. კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან პლანშეტით ან პერსონალური კომპიუტერით, საუკეთესო ნაშრომები კი სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გამოქვეყნდება.