ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
სექ/2322

ხელისუფლებამ დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური თავდაცვის კანონმდებლობა მიიღო

2023 წლის 21 სექტემბერს საქართველო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ახალი თავდაცვის კოდექსი და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები. ახალი კანონმდებლობა არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული რელიგიის ნიშნით, არღვევს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ პრინციპებს.

1. ახალი თავდაცვის კოდექსითა და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონით, ყველა 18-დან 27 წლამდე სასულიერო პირს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, შეეძლებათ ალტერნატიული, არასამხედრო შრომითი სამსახურის გავლა. თუმცა ეს ვალდებულება არ ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, რომლებიც კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე თავისუფლდებიან ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისგან, მათ შორის, ალტერნატიული სამსახურისგან. 

2. ცვლილებების მიხედვით, თავდაცვის ძალების რეზერვში ავტომატურად ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე ყველა კაცი. აქედანაც ექსკლუზიური გამონაკლისი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე გავრცელდება, რადგან კონსტიტუციური შეთანხმებით ისინი ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. 

3. ახალი თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება ინფორმაცია პირის აღმსარებლობის შესახებ, რაც ნიშნავს აღმსარებლობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ყველა 18-დან 60 წლამდე მამაკაცზე. ეს კი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია. 

4. ამიტომ, ხელისუფლებამ ცვლილება შეიტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონშიც (მე-6 მუხლი), რომელმაც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების (მათ შორის, აღმსარებლობის შესახებ) ინფორმაციის დამუშავება დასაშვებად მიიჩნია თავდაცვის ახალი კოდექსით გათვალისწინებული სამსახურისა თუ რეზერვის მიზნებისთვის. 

5. ცვლილება იგეგმება ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსშიც, რომლითაც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, გაწვევა შეჩერდება მხოლოდ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, ე.ი. დაახლოებით ერთი თვით. ხოლო თუ პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ პირმა უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური, ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. 

6. ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ხელისუფლებამ შემოიტანა ახალი საგანგაშო ტერმინოლოგია, როგორიცაა “არაკეთილსინდისიერი” და “ფიქტიური” რელიგიური ორგანიზაციები, რაც ახალი თავდაცვის კოდექსის ამ ცვლილებების მთავარ არგუმენტად არის გამოყენებული. მართალია, აღნიშნული ტერმინოლოგია უშუალოდ კანონების ტექსტებში არ წერია და გვხვდება თავდაცვის კოდექსის განმარტებით ბარათსა და ხელისუფლების საჯარო განცხადებებში,  მაგრამ საგანგაშოა ამ ტერმინოლოგიის სამართლებრივ და საკანონმდებლო სივრცეში გამოყენების ფაქტი. ეს არგუმენტაცია ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ერევა იმის გადაწყვეტაში, თუ რომელი რელიგიური ორგანიზაციაა ფიქტიური და რომელი - ნამდვილი. 

ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, წლებია უხეშად ილახება და სულ უფრო მძიმდება საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მდგომარეობა:

  • ხელისუფლება ერევა რელიგიური გაერთიანებების ავტონომიურობაში და არღვევს სეკულარობის კონსტიტუციურ პრინციპს;
  • ხელისუფლება რელიგიის სფეროს ადამიანის უფლებების ნაცვლად, გამოგონილი “უსაფრთხოების” პრიზმიდან განიხილავს, რასაც ადასტურებს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში 2014 წელს შექმნილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და სუს-ის უკანონო მოსმენა-თვალთვალის ათი ათასობით ფაილიც; 
  • ქართული ოცნების ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი კანონმდებლობაში რელიგიის ნიშნით არსებული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად; 
  • პირიქით, მან მიიღო არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც კიდევ უფრო გააღრმავა უთანასწორობა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას შორის; 
  • ხელისუფლებას არ უზრუნია არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის მათი ისტორიული ქონების დაბრუნებაზე და პირიქით, სხვა კონფესიების ისტორიული ქონება მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა; 
  • ხელისუფლება უკანონოდ უშლის ხელს არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებს ახალი რელიგიური ნაგებობების აშენებაშიც. 

იმ ფონზე, როცა ხელისუფლების პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არის დისკრიმინაციული და რეპრესიული, კიდევ უფრო საგანგაშოა ახალი თავდაცვის კოდექსით შემოტანილი ანტიკონსტიტუციური ცვლილებები. გარდა რელიგიის ნიშნით დისრკიმინაციის ახალი კერის გაჩენისა, ხელისუფლებას სურს ისეთი განსაკუთრებული პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, როგორიცაა ადამიანის რწმენა და აღმსარებლობა. მსგავს მეთოდებს ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), თავდაცვის კოდექსის კანონპროექტის ინიცირების დღიდან, აქტიურად ითხოვდა, არ მიეღო პარლამენტს კანონი იმ ფორმით, რაც ცალსახად დაარღვევდა კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. ამ მიზნით, TDI-მ არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას, მონაწილეობა მიიღო არაერთ შეხვედრასა და კონსულტაციაში, მუდმივად მოუწოდებდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებსაც, ემოქმედათ საგანგაშო ცვლილებების წინააღმდეგ. 

საკითხი გააპროტესტა სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომაც, რომელმაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, არ მიეღო კანონპროექტი წარმოდგენილი სახით. 

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მაინც შეძლო ანტიკონსტიტუციური თავდაცვის კოდექსისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ინიციატივების მიღება. 

TDI გააგრძელებს აქტიურ მუშაობას რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიის ნიშნით თანასწორობის საწინააღმდეგო, ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის შეცვლის მიზნით.

 

თავდაცვის კოდექსითა და მასთან დაკავშირებული სხვა კანონებით რელიგიის თავისუფლების და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, TDI-ს განცხადებები და შეფასები: 

სასულიერო პირების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები - TDI-ს შეფასება, თებერვალი, 2023

TDI-ის განცხადება თავდაცვის კოდექსის პირველი მოსმენით მიღებაზე, აპრილი, 2023

ხელისუფლება აგრძელებს დისკრიმინაციული სამხედრო კანონმდებლობის განხილვას, ივლისი, 2023