ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/2121

TDI რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის დღესთან დაკავშირებით

21 მარტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ,,ახალგაზრდები რასიზმის წინააღმდეგ“ არის 2021 წლის სლოგანი. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ტოლერანტობის კულტურისა და თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა, შეუწყნარებლობასა და რასობრივ ცრურწმენებთან, სტერეოტიპებთან ბრძოლა. 

რასიზმმა - კანის ფერის, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური ნიშნით ადამიანების დახარისხებამ და დევნამ უამრავი მსხვერპლი მოუტანა კაცობრიობას. რასობრივი კლასიფიკაცია საუკუნეების განმავლობაში ძალაუფლების იარაღად, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.  მოგვიანებით, ნაცისტებმა “რასობრივი სიწმინდის” იდეოლოგია ადამიანთა იძულებითი სტრელიზაციისა და ჰოლოკოსტის გასამართლებლად  გამოიყენეს. ნაცისტურმა რეჟიმმა მოკლა მილიონობით ადამიანი, მათ შორის ებრაელები, ბოშები და ჰომოსექსუალები. 

დღეს ადამიანთა კატეგორიზება რასების მიხედვით მეცნიერულად უარყოფილია, ,,რასა” _ სოციალურ–პოლიტიკური კონსტრუქტია. შესაბამისად, აღარ ითვლება ეთიკურად და აკადემიურად რასობრივი ტიპოლოგიების გამოყენება ადამიანთა ფიზიოლოგიური თუ ინტელექტუალური მახასიათებლების აღწერისას. კანის ფერით, ან წარმოშობით არ შეიძლება განისაზღვრებოდეს კონკრეტული ადამიანის ინტელექტი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები.

მიუხედავად, იმისა, რომ რასიზმი თითქოს განვითარებულმა საზოგადოებამ დაგმო, სისტემურ დონეზე გამოხატული რასიზმი დღემდე არსად გამქრალა. მაგალითად, კვლევები აჩვენებს, რომ ხშირად ერთი და იმავე სიმძიმის დანაშაულისთვის, შავკანიანებს უფრო მკაცრად სჯიან, ვიდრე თეთრკანიანებს. 

2013 წელს, 17 წლის შავკანიანი ამერიკელის, ტრეივონ მარტინის მკვლელობისა და მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ, ამერიკაში დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია #BlackLivesMatter. კამპანია გლობალური ხასიათისაა და მისი მიზანია რასიზმთან ბრძოლა და შავკანიანებზე სახელმწიფოსა და რასისტული ჯგუფების მხრიდან ძალადობის პრევენცია. 

2020 წლის 25 მაისს აშშ-ში პოლიციელის მიერ შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ამერიკასა და მთელ მსოფლიოში პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. საზოგადოებამ დაიწყო აქტიური მსჯელობა სტრუქტურული რასიზმის დაძლევის გზებზე. დიდ ბრიტანეთში გაიხსენეს 1990-იანი წლების გახმაურებული საქმე – შავკანიანი თინეიჯერის სტივენ ლოურენსის მკვლელობა. პროტესტი გავრცელდა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სადაც შავკანიანი და მკვიდრი მოსახლეობა აღნიშნავდა, რომ პოლიციის მხრიდან სისტემატურად აქვს ადგილი ძალადობასა და რასობრივ გამორჩევას. 

რა არის რასობრივი დისკრიმინაცია?

რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად გაეროს საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, ,,რასობრივი დისკრიმინაცია” ნიშნავს ნებისმიერ გარჩევას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე. შესაბამისად, რასიზმს უფრო ფარტო განმარტება აქვს ვიდრე მხოლოდ კანის ფერის მიხედვით დისკრიმინაცია და იგი მოიზრებს ეროვნულ, ეთნიკურ და კულტურულ კუთვნილებასაც. 

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI), აგრეთვე, ფართოდ განმარტა „რასობრივი დისკრიმინაცია“, რომელიც მოიცავს შემდეგ საფუძვლებს: „რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, ეროვნება ან ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა“

რასისა და კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით. რასა და კანის ფერი, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი საფუძველი, გათვალისწინებულია დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის პირველ მუხლში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი „რასობრივ დისკრიმინაციას“ ცალკე დანაშაულის სახედ განსაზღვრავს, ხოლო, სისხლის სამართლის კოდექსში შეუწყნარებლობის მოტივი, მათ შორის, რასობრივი ნიშნით, კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული. 

რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში

დღეს მთელ მსოფლიოში ძლიერდებიან რასისტული, ქსენოფობიური და ნეოფაშისტური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან მიგრანტებს, ებრაელებსმუსლიმებს, სხვადასხვა რწმენისა და ეთნოსის ადამიანებს. მსგავსი მოძრაობები და დაჯგუფებები საქართველოშიც გვხვდება. მაგალითად, საქმის მასალებისა და მოწმეების ჩვენებით იკვეთება, რომ 2018 წელს 25 წლის უფლებამდაცველი ვიტალი საფაროვი სწორედ რასობრივი შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის  საფუძველზე მოკლეს. მოწმეების ჩვენების მიუხედავად, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საფაროვი იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელი იყო, სასამართლომ არ გამოკვეთა საქმეში სიძულვილის მოტივი და განსასჯელები დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო. 

საქართველოში ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების მიერ რასისტული და ქსენოფობიური ნიშნით ძალადობის გარდა, უცხოელებთან მიმართებით პრობლემურია სახელმწიფო პოლიტიკაც. მაგალითად, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისას უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან. სახელმწიფო მათ ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარს, ხშირად, დაუსაბუთებელი, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ეუბნება.

საქართველოში სწავლისა და მუშაობის მიზნით მცხოვრები უცხოელები, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები, TDI-სთან ყვებიან, რომ ზოგჯერ ბინას ვერ ქირაობენ განსხვავებული კანის ფერის თუ ეროვნების გამო; რასიზმის შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში მომსახურების მიღებისას, პოლიციასთან ურთიერთობისას და აშ. (იხილეთ უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ  TDI-ის ანგარიში.)

საქართველოში რასიზმი გვხვდება ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, მაგალითად, მოცემულია დავალებები და კითხვები მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურის დახასიათებაზე, ძველი კლასიფიკაციების გამოყენებასა და აღწერასთან დაკავშირებით. „ნეგროიდი“, ,,მონღოლოიდი“ და სხვა რასისტული კატეგორიები გვხვდება გეოგრაფიის სახელმძღვანელოში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რასების შესახებ თეორიებისა და ტერმინ ,,რასას” (ადამიანების კლასიფიკაციის მნიშვნელობით) ამოღება აუცილებელია არა პოლიტკორექტული მოსაზრებებით, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე მეცნიერება განსხვავებული რასების არსებობას უარყოფს და თანხმდება, რომ რასები, როგორც უმეტესწილად ცალკეული და გეოგრაფიულად შემოსაზღვრული გენების ერთობლიობა არ არსებობს. 

საკითხის მნიშვნელობისა და არსებული პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს რასიზმთან განმკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია; სამართალდამცავ უწყებებში არ არსებობს რასიზმისა და რასობრივი გამორჩევის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია; რასიზმის დასაძლევად კონკრეტულ ღონისძიებებს არც მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. 

საზოგადოებაში უცხოელებისა და მიგრანტების მიმართ უარყოფითი, ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს პოლიტიკოსების პოპულისტური, ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული რიტორიკაც

TDI-ის მომზადებული ვიდეო და ფოტო მასალა რასიზმთან დაკავშირებით

რასიზმის, მისი წარმოშობისა და ფორმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ TDI-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო.

ვიდეოისტორიები: 

კამერუნელი ჯორჯი 

თარაში შრი-ლანკიდან

შერონი, ნიგერიელი სტუდენტი საქართველოში

სოროუში ირანიდან

ფოტოისტორიები: 

ნიგერიელთა პროტესტანული ეკლესია თბილისში 

ლუკა: მრავალფეროვნების სახე

აარონი, ცეკვის მასწავლებელი 

ოინლადი და სტივენი, ნიგერიელი ოჯახი 

ალიუთ ავიუარადა, ტრადიციული სინჰალური ახალი წელი 

 

ფოტო: OHCHR