სიახლეები
TDI
თებ/1901

რასობრივ დისკრიმინაციაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

2019 წლის 31 იანვარს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციის დანაშაულში ბრალდებული პირი, რომელიც 2018 წლის 29 ნოემბერს ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსში რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხა კამერუნის მოქალაქეს და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

დანაშაულში ბრლდებულმა სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და დაზარალებულს ბოდიშიც მოუხადა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში (რასობრივი დისკრიმინაცია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) და დამნაშავეს სასჯელად 3 წლის ვადით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.  

კამერუნის რესპუბლიკის მოქალაქე 29 ნოემბერს ქალაქ რუსთავის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა. სამარშრუტო ტაქსში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა კანის ფერის გამო. კერძოდ, მის მიმართ იყენებდა სიძულვილის ენას რასობრივი ნიშნით, ეუბნებოდა, რომ მისი ადგილი საქართველოში არ იყო, რომ იგი თავის ქვეყანაში უნდა გაბრუნებულიყო, ასევე, უწოდებდა მას “ზანგს.” სიტყვიერ შეურაცხოფასთან ერთად აღნიშნულმა პირმა თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი კამერუნის მოქალაქეს, ხოლო სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვილის შემდეგ, იგი ქუჩაშიც განაგრძობდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

საკუთარი მობილური ტელეფონის საშუალებით დაზარალებულმა პირმა ინციდენტის ნაწილის ვიდეო გადაღებაც მოახერხა, რაც მედია საშუალებითაც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველომ თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დაიწყო. მოგვიანებით, რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (რასობრივი დისკრიმინაცია ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით).

დაზარალებული კამერუნის მოქალაქის ინტერესებს აღნიშნულ საქმეში იცავს  ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

 

ამავე თემაზე:

რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით შსს-მ პირი დააკავა

რუსთავში მომხდარი ძალადობა რასობრივ დისკრიმინაციად დაკვალიფიცირდა

 

TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.