ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/2128

რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღე

27 ოქტომბერს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე ეძღვნება 1998 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო აქტის (IRF Act) მიღებას. 

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლება და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. იგი ერთდროულად და თანაბრად მოიცავს შინაგან და გარეგან განზომილებას, რაც გულისხმობს ყველა ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს და გამოხატოს მისთვის სასურველი რელიგია ან მრწამსი. ეს უფლება ვრცელდება ყველაზე და მოიცავს რწმენის არ ქონის უფლებასაც. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა ადამიანის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობა. 

რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვა განსაკუთრებით პრობლემურია არადემოკრატიულ და განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებები ხშირად გაუმართლებლად ზღუდავენ ამ უფლებას. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში დისკრიმინაციული კანონმდებლობა გამოიყენება უმცირესობათა დასასჯელად და დასაპატიმრებლად; ზოგან იკრძალება არარეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებები; სახელმწიფო ხელს უშლის არადომინანტი ჯგუფების მიერ რელიგიური ნაგებობების მშენებლობას, არ ითვალისწინებს, რომ ყველამ შეძლოს რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა, უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში და რელიგიას იყენებს არადომინანტი ჯგუფების კონტროლის იარაღად. 

საქართველოში დღეს რელიგიის თავისუფლების დაცვა და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა საფრთხის წინაშე დგას. როგორც მიმდინარე მოვლენებმა და სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების მასშტაბურმა სავარაუდო უკანონო მიყურადებამ გამოავლინა, რელიგიურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, მუდმივად აკონტროლებს ხელისუფლება და ცდილობს მათ დისკრედიტაციას. ასევე ბოლო წლებში ხელისუფლებას არაერთი მცდელობა ჰქონდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფერო სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე, გაუმართლებლად შეეზღუდა. 2014 წელს პრემიერის დაქვემდებარების ქვეშ დაფუძნებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკამ და საქმიანობამ კი აჩვენა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ მისი სახელმწიფო უსაფრთხოების პრიზმით განხილვა და რელიგიურ გაერთიანებებზე, განსაკუთრებით უმცირესობებზე, კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაა. 

საქართველოში კონსტიტუციით დაცული რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთგამიჯვნის პრინციპი ხშირად ირღვევა დომინანტი რელიგიური ინსტიტუტისთვის, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის, ფინანსური, სამართლებრივი და სოციალური პრივილეგიების მინიჭებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის გამო. 

საქართველოში დღემდე გამოწვევაა უმცირესობების მიერ რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობა და რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა საჯარო სივრცეში, მათთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, დომინანტი რელიგიური ორგანიზაციისა და მისი წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დაცვა და ინტერკულტურული განათლების უზრუნველყოფა, რელიგიური პლურალიზმისა და ტოლერანტული გარემოს დაცვა და ხელშეწყობა. კოვიდ პანდემიის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, რომელიც არღვევს სეკულარობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. ამ პერიოდში სახელმწიფომ არაერთხელ გამოავლინა დისკრიმინაციული დამოკიდებულება განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანების მიმართ.   

რწმენისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ხარისხი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია. რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის, თანასწორობისა და პლურალიზმის მნიშვნელობა.  

 

---

რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე შეგიძლიათ იხილოთ  TDI-ის მიერ მომზადებული მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოები:

საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მდგომარეობის შესახებ, იხილეთ TDI-ის სპეციალური ანგარიშები: