რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე - 2022
21 მარტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით ყოველ წელს აღინიშნება და უკავშირდება 1960 წელს, სამხრეთ აფრიკის ქალაქ შარპევილში მომხდარ მასობრივ მკვლელობას. პოლიციამ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დემონსტრაციაზე აპარტეიდის კანონებს აპროტესტებდნენ, ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 69 ადამიანი დაიღუპა.
ამ დღის აღნიშვნის მიზანია ტოლერანტობის კულტურისა და თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა, შეუწყნარებლობასა და რასობრივ ცრურწმენებთან, სტერეოტიპებთან ბრძოლა. 2022 წელს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კვირეულის ფოკუსია “ხმები რასიზმის წინააღმდეგ ქმედებისთვის” (VOICES FOR ACTION AGAINST RACISM), რაც გულისხმობს რასობრივი დისკრიმინაციის პრევენციასა და დაძლევას უსაფრთხო და შედეგიანი საჯარო რეპრეზენტაციისა და ჩართულობის საშუალებით, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების მნიშვნელობის ხაზგასმას, აგრეთვე იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების წვლილისა და პრობლემების აღიარებას, რომლებიც უპირისპირდებიან რასობრივ დისკრიმინაციას.
რასიზმმა - კანის ფერის, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური ნიშნით ადამიანების დახარისხებამ და დევნამ უამრავი მსხვერპლი მოუტანა კაცობრიობას. რასობრივი კლასიფიკაცია საუკუნეების განმავლობაში ძალაუფლების იარაღად, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებოდა.
დღეს ადამიანთა კატეგორიზება რასების მიხედვით მეცნიერულად უარყოფილია, ,,რასა” _ სოციალურ–პოლიტიკური კონსტრუქტია. შესაბამისად, აღარ ითვლება ეთიკურად და აკადემიურად რასობრივი ტიპოლოგიების გამოყენება ადამიანთა ფიზიოლოგიური თუ ინტელექტუალური მახასიათებლების აღწერისას. კანის ფერით, ან წარმოშობით არ შეიძლება განისაზღვრებოდეს კონკრეტული ადამიანის ინტელექტი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები.
რასა, რასიალიზაცია და რასობრივი დისკრიმინაცია
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მოსაზრებით, სტრუქტურული და ინსტიტუციური რასიზმის ანალიზისთვის საჭირო ცნებად მიიჩნევა ტერმინი “რასიალიზაცია.” იგი გულისხმობს პროცესს, როცა გარკვეული სტერეოტიპული ნიშან-თვისებები და მახასიათებლები ადამიანთა ჯგუფს ბუნებრივად მიეწერება, რაც საბოლოოდ ქმნის “რასასთან” დაკავშირებულ ყალბ სოციალურ იერარქიებს და იწვევს ადამიანების გარიყვასა და მათდამი მტრობას. გაეროს საერთაშორისო კონვენციის მიხედვით კი, ,,რასობრივი დისკრიმინაცია” ნიშნავს ნებისმიერ გარჩევას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე.
შესაბამისად, რასიზმს უფრო ფარტო განმარტება აქვს ვიდრე მხოლოდ კანის ფერის მიხედვით დისკრიმინაცია და იგი მოიზრებს ეროვნულ, ეთნიკურ და კულტურულ კუთვნილებასაც.
რასისა და კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით.
რასა და კანის ფერი, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი საფუძველი, გათვალისწინებულია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის პირველ მუხლში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი „რასობრივ დისკრიმინაციას“ ცალკე დანაშაულის სახედ განსაზღვრავს, ხოლო შეუწყნარებლობის მოტივი, მათ შორის, რასობრივი ნიშნით, კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული.
რასიზმი და რასობრივი დისკრიმინაცია საქართველოში
დღეს მთელ მსოფლიოში ძლიერდებიან რასისტული, ქსენოფობიური და ნეოფაშისტური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან მიგრანტებს, ებრაელებს, მუსლიმებს, სხვადასხვა რწმენისა და ეთნოსის ადამიანებს. მსგავსი მოძრაობები და დაჯგუფებები საქართველოშიც გვხვდება და მათი აქტიურობა სულ უფრო საგანგაშო ფორმას იღებს. მაგალითად, 2018 წელს 25 წლის უფლებამდაცველი ვიტალი საფაროვი სწორედ რასობრივი შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის საფუძველზე მოკლეს, ხოლო სულ რამდენიმე ხნის წინ, უცნობმა ფაშისტურმა ჯგუფებმა, წამოიწყეს შემაშფოთებელი ანტისემიტური კამპანია ვიტალი საფაროვისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ (იხ.: https://cutt.ly/TSbCsl8)
რაც შეეხება საქართველოში უცხოელების უფლებრივ მდგომარეობას, ცალკეული ორგანიზებული ჯგუფების მიერ რასისტული და ქსენოფობიური ნიშნით ძალადობისა თუ რასიზმის ინდივიდუალური გამოვლინებების გარდა, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის პრობლემურია სახელმწიფო პოლიტიკა. მაგალითად, ზემოთაღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებისას უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან. სახელმწიფო მათ ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარს, ხშირად, დაუსაბუთებელი, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ეუბნება.
საქართველოში როგორც უცხოელებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის პრობლემურია რასობრივი გამორჩევის საკითხიც, რაც გულისხმობს, პოლიციელისა და გამომძიებლების ქმედებას, რომელიც ეყრდნობა ჩაცმულობის, გარეგნობის და რწმენის გამო გაჩენილ უსაფუძვლო, სტერეოტიპებზე დაფუძნებულ ეჭვებს და ხშირად უკავშირდება ადამიანის კანის ფერს, წარმოშობას და ეთნიკურ კუთვნილებას. საქართველოს სამართალდამცავი სისტემა არ იცნობს რასობრივი გამორჩევის ცნებას. შესაბამისად, არ არსებობს რასიზმთან და რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლის პოლიტიკა.
რასიზმის კუთხით არსებული გამოწვევები და მიღწევები განათლების სისტემაში
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წლების განმავლობაში სწავლობს სხვადასხვა საგნის სასკოლო სახელმძღვანელოებს. კვლევის მიზანი სახელმძღვანელოების კულტურული, რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის აკრძალვის კონტექსტში შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებაა.
კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად სახელმძღვანელოებში (განსაკუთრებით, გეოგრაფიის და ბიოლოგიის) გვხვდებოდა რასისტული ტერმინები და თეორიები. ასევე გლობალურ მიგრაციასა და მიგრანტებთან დაკავშირებული თემები მოიცავდა ისეთ სტერეოტიპებს, რომლებიც აღვივებს ქსენოფობიას, ისლამოფობიას და მიგრანტებსა და ლტოლვილებს, განსაკუთრებით კი აზია/აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებს და უსაბუთო მიგრანტებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. მნიშვნელოვანია, რომ როგორც TDI-ს რეკომენდაციების გაზიარების, ასევე გრიფირების პროცესში საკონკურსო სახლემძღვანელოების შეფასებისას, სახალხო დამცველის კოორდინაციით შემდგარი ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობის შედეგად, სახელმძღვანელოების ბოლო რედაქციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია წინა წლებთან შედარებით.
ასევე მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში განათლების სამინისტროსთან, აგრეთვე გამომცემლობებსა და ავტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, TDI-ს კვლევისა და შესაბამისი რეკომენდაციების შედეგად, საბაზო საფეხურის სტანდარტიდან თითქმის სრულად ამოღებულია ტერმინი “რასა”, როგორც კლასიფიკატორი, და რასობრივი ტიპოლოგიების გამოყენების საფუძველი, რასაც შემდგომ ავტორები ეყრდნობიან სახელმძღვანელოების შედგენისას. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია განათლების სისტემაში რასიზმთან ბრძოლის მიმართულებით, რადგან თანამედროვე მეცნიერება განსხვავებული რასების არსებობას უარყოფს და თანხმდება, რომ რასები, როგორც უმეტესწილად ცალკეული და გეოგრაფიულად შემოსაზღვრული გენების ერთობლიობა, არ არსებობს. TDI მოუწოდებს განათლების სამინისტროს, სრულად იქნას ამოღებული ტერმინი “რასა” საბაზო საფეხურის სტანდარტიდან, როგორც კლასიფიკატორი.
TDI-მ 2022 წელს მოამზადა გზამკვლევი სახელმძღვანელოს ავტორებისთვის: „რასა“, რასიალიზაცია და გლობალური მიგრაცია (2022), რომელსაც რასიზმთან ბრძოლის კვირეულის ფარგლებში გამოვაქვეყნებთ.
რადგან წელს, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კვირეულის მთავარი ფოკუსია “ხმები რასიზმის წინააღმდეგ ქმედებისთვის,” იმისთვის რომ შეიტყოთ უფრო მეტი, მიგრანტების პრობლემების, თუ ინტერკულტურული ურთიერთობის დადებითი გამოცდილების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ და მოისმინოთ TDI-სა და ჩვენი პარტნიორი მედია ორგანიზაციების მიერ მომზადებული მრავალფეროვანი ისტორიები და მათი უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები.
TDI-ს მიერ მომზადებული მასალები:
ანგარიშები და კვლევები მიგრანტთა უფლებრივ მდგომარეობაზე:
უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში კოვიდ პანდემიის დროს და მის მიღმა (2020-2021)
რასიზმი და ქსენოფობია საქართველოში, სახელმწიფო პოლიტიკა უცხოელების მიმართ (2019)
ვიდეოისტორიები:
კამერუნელი ჯორჯი - https://cutt.ly/bYLOLvV
თარაში შრი-ლანკიდან - https://cutt.ly/8YLOTZs
შერონი, ნიგერიელი სტუდენტი საქართველოში – https://cutt.ly/wYLO7ni
სოროუში ირანიდან – https://cutt.ly/SYLPpiq
დარისპანის ბედნიერება: http://tdi.ge/ge/multimedia/darispanis-bedniereba-i-darispans-happiness
ფოტოისტორიები:
ნიგერიელთა პროტესტანული ეკლესია თბილისში: http://tdi.ge/ge/page/nigerielta-protestantuli-eklesia-tbilisshi
ლუკა: მრავალფეროვნების სახე: http://tdi.ge/ge/page/luka-mravalperovnebis-saxe
აარონი, ცეკვის მასწავლებელი: http://tdi.ge/ge/page/aaroni
ოინლადი და სტივენი, ნიგერიელი ოჯახი: http://tdi.ge/ge/page/oinladi-da-stiveni
ალიუთ ავიუარადა, ტრადიციული სინჰალური ახალი წელი: http://tdi.ge/ge/page/aliut-aviurada
TDI-ს მიერ მომზადებული საგანმანათლებლო მასალები რასასა და რასიზმზე:
პარტნიორი მედიის მიერ მომზადებული მასალები მიგრანტთა უფლებრივ მდგომარეობაზე:
● “ქუთაისი პოსტი”: თურქი ბიზნესმენის, ჰაკიმ ჩიჩეკის ცხოვრება ქუთაისში – https://cutt.ly/BTsUHt1
● “ფორმულა მედია”, გადაცემა “დროება”: ტიმოთის და ნინოს ქართული ოჯახი – https://cutt.ly/PTsIZKx
● “ქუთაისი პოსტი”: საქართველო სამშობლოსავით მიყვარს“ – ერაყელი სტუდენტის ამბავი ქუთაისიდან https://cutt.ly/yTsIMsr
● “ბათუმელები”: სომეხი მეწარმის, ჰაიკ ასრიანცის ისტორია ბათუმიდან – https://cutt.ly/ITsI9Pb
● “On.ge”: ირანიდან საქართველოში — რა გზა გაიარეს და რაზე ოცნებობენ ფარზანი და ფუჟანი – https://cutt.ly/UTsIJsZ
● “On.ge”: „ჩემი ოცნებაა აქ ღვინო დავაყენო“ – იაპონელი ბიჭის ისტორია საქართველოში – https://cutt.ly/QTsIQSE
● “ბათუმელები”: ჯონას შაიკის, 25 წლის ბელგიელის ისტორია სოფელ თაგოდან – https://cutt.ly/GTsIOaV
● “რადიო თავისუფლება”: სულთანა – ავღანეთიდან საქართველოში – https://cutt.ly/9TsIxBj
● “რადიო თავისუფლება”: მარიამის „სრული თავისუფლება“ – ირანელი მარიამ შარიფის ისტორია – https://cutt.ly/9TsIyLL
● “JAMNews”: ნიგერიელი სტუდენტები რასიზმსა და მეგობრობაზე, რომელიც საქართველოში დახვდათ – https://cutt.ly/JTsIa8B
● “რადიო თავისუფლება”: “ფეგა – სინათლე მზის ამოსვლამდე“ – ირანელი გოგოს ცხოვრება საქართველოში – https://cutt.ly/fTsU23M
● “On.ge”: ხუთი ამბავი ტოლერანტობასა და რასიზმზე – https://cutt.ly/gTsU633
● “ფორმულა მედია”: ჯორჯი რუსთავიდან – https://cutt.ly/eTsUN7v
ფოტო: coe.int