ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ნოე/2329

თავდაცვის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შეფასება

როგორც ცნობილია, 2023 წლის 21 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ახალი თავდაცვის კოდექსი და მასთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები. ახალი კანონმდებლობა არის ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციული რელიგიის ნიშნით, არღვევს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ პრინციპებს. 

ამ კანონის მიღებიდან მალევე, 15 ნოემბერს, მთავრობამ პარლამენტს თავდაცვის კოდექსსა და დაკავშირებულ კანონებში დამატებითი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მიმართა.  ნაცვლად იმისა, რომ სექტემბერში მიღებულ კანონში ჩაწერილი უკიდურესად პრობლემური ნორმები შეეცვალა, ხელისუფლებამ, ახალი ინიციატივით, კანონმდებლობის კიდევ უფრო დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური ნორმებით დატვირთვა არჩია. 

 

დაგეგმილი ცვლილებები 

ახალი ინიციატივით, რომელსაც ახლა განიხილავს ხელისუფლება, იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება და ფორმალური ხდება უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. კერძოდ, თავდაცვის კანონმდებლობაში შემოდის ნორმები, რომელთა თანახმადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, პირისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გაწვევას. 

იგივე წესი მოქმედებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ. მაგალითად, როდესაც პირს უარს ეტყვიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე და, ამის ნაცვლად, სამხედრო სამსახურში გაიწვევენ, ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, პრაქტიკულად, აზრს კარგავს, რადგან შესაძლოა პირი, საქმის განხილვის დროისათვის, უკვე გაწვეული იყოს სამხედრო სამსახურში. 

ამრიგად, ინიცირებული ცვლილებები მიზნად ისახავს, აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელი გახადოს უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

21 სექტემბერს მიღებული დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური ნორმები 

როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს მიღებულმა თავდაცვის ახალმა კანონმდებლობამ სასულიერო პირები არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაუქვემდებარა. თუმცა, ეს ვალდებულება არ ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებზე, რადგან ისინი კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე ყველანაირი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. 

უკიდურესად საგანგაშოა თავდაცვის კოდექსის 97-ე მუხლი, რომლითაც, სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით, სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება ინფორმაცია პირის აღმსარებლობის შესახებ, რაც ნიშნავს აღმსარებლობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას ყველა 18-დან 60 წლამდე მამაკაცზე. ეს კი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია. 

ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ხელისუფლებამ შემოიტანა ახალი საგანგაშო ტერმინოლოგია, როგორიცაა “არაკეთილსინდისიერი” და “ფიქტიური” რელიგიური ორგანიზაციები, რაც ახალი თავდაცვის კოდექსის ამ ცვლილებების მთავარ არგუმენტად არის გამოყენებული. მართალია, აღნიშნული ტერმინოლოგია უშუალოდ კანონების ტექსტებში არ წერია და გვხვდება თავდაცვის კოდექსის განმარტებით ბარათსა და ხელისუფლების საჯარო განცხადებებში, მაგრამ საგანგაშოა ამ ტერმინოლოგიის სამართლებრივ და საკანონმდებლო სივრცეში გამოყენების ფაქტი. ეს არგუმენტაცია და ახლად მიღებული კანონმდებლობა ცხადყოფს, რომ მთავრობის გამწვევი კომისია და სასამართლოები სწორედ იმის განხილვაში გეგმავენ შესვლას, თუ რომელი რელიგიური ორგანიზაციაა ფიქტიური და რომელი - ნამდვილი. 

მიუხედავად იმისა, რომ რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია, ხელისუფლებამ ამ მიმართულებითაც შემოიტანა ცვლილებები და მოქალაქეების აღმსარებლობის შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას გეგმავს. ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქალაქეების აღმსარებლობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მასშტაბი და არამიზნობრიობა, ხელისუფლების არაკეთელსინდისიერ განზრახვაზე მიუთითებს. მსგავს მეთოდებს ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), თავდაცვის კოდექსის კანონპროექტის ინიცირების დღიდან, აქტიურად ითხოვდა, არ მიეღო პარლამენტს კანონი იმ ფორმით, რაც ცალსახად დაარღვევდა კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. საკითხი გააპროტესტა სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომაც, რომელმაც განცხადებით ორჯერ მიმართა საქართველოს პარლამენტს (პირველი განცხადება; მეორე განცხადება). 

ხელისუფლების გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ მისი პოლიტიკა სულ უფრო რეპრესიული ხდება და მიმართულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ. 

 

*

თავდაცვის კოდექსითა და მასთან დაკავშირებული სხვა კანონებით რელიგიის თავისუფლების და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, TDI-ს განცხადებები და შეფასებები: 

ხელისუფლებამ დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური თავდაცვის კანონმდებლობა მიიღო - TDI-ს შეფასება, 22 სექტემბერი 

სასულიერო პირების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები - TDI-ს შეფასება, თებერვალი, 2023

TDI-ის განცხადება თავდაცვის კოდექსის პირველი მოსმენით მიღებაზე, აპრილი, 2023

ხელისუფლება აგრძელებს დისკრიმინაციული სამხედრო კანონმდებლობის განხილვას, ივლისი, 2023