ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/2131

ანტისემიტიზმი - სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში

30 მარტს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ვრცელ დოკუმენტში ყურადღება ეთმობა ქვეყანაში ანტისემიტიზმის გამოვლინებებს.

ანგარიშში საუბარია 2018 წელს თბილისში ებრაული და ეზიდური წარმოშობის ახალგაზრდა უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე. აღნიშნულია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ვიტალი საფაროვი ნეო-ნაცისტური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს, ხოლო სასამართლო პროცესზე საქმის მთავარმა მოწმემ განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივი მისი ებრაელობა იყო. 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობისთვის დამნაშავედ ცნო ორი პირი, მაგრამ მოუხსნა დანაშაულის შეუწყნარებლობის მოტივი. დანაშაულის სიძულვილის მოტივის მოხსნის ფაქტი პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და საანგარიშო პერიოდში საქმის განხილვა გრძელდება.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა 2020 წლის დეკემბერში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას. აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტის ქადაგება შეიცავდა არაერთ ტრადიციულ ანტისემიტურ ფრაზას, მათ შორის, ებრაელების “ქრისტეს ჯვარმცმელად” და “ქრისტიანების მდევნელად” მოხსენიებას. იოანე გამრეკელმა ისიც თქვა, რომ ,,ეს ბრძოლა ეთნიკური საზღვრებით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ”.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიტროპოლიტის ქადაგება გააკრიტიკეს რელიგიის თავისუფლების დამცველმა ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. ამ კრიტიკის საპასუხოდ კი, ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ დაიცვა მიტროპოლიტ გამრეკელის განცხადებები და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული და რომ მიტროპოლიტი უბრალოდ ისტორიულ ფაქტებს ჰყვებოდა. ანგარიშის თანახმად, შედეგად, ეკლესიამ გამოაქვეყნა განცხადება და დაგმო ანტისემიტიზმი.

TDI-ს შენიშვნა: როგორც ცნობილია, მიტროპოლიტ გამრეკელის და შემდგომში სხვა საეკლესიო პირების, ასევე ელჩ ჟვანიას განცხადებას, რომლითაც მან სასულიერო პირის ანტისემიტური ქადაგება გაამართლა, იმთავითვე გამოეხმაურნენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და დეკანოზი ბასილ კობახიძე. TDI-მ არაერთი საჯარო მიმართვით მოუწოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და საქართველოს ხელისუფლებას, კრიტიკულად შეეფასებინათ და დაეგმოთ ანტისემიტიზმი. სამწუხაროდ, საპატრიარქომ მიტროპოლიტის ანტისემიტური გამოსვლების კრიტიკის ნაცვლად, ის დაიცვა და საპირისპირო კრიტიკა სწორედ TDI-ს, ბასილ კობახიძისა და ბექა მინდიაშვილისკენ მიმართა. არც ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუგმიათ ანტისემიტიზმის კონკრეტული გამოვლინებები.

ამ თემაზე იხილეთ:

 

ფოტო: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი